Site icon Civil.ge

უკრაინაში ტერორიზმში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი ალ ბარა შიშანი (ცეზარ ტოხოსაშვილი) უკრაინაში დააკავეს. ფოტო: ssu.gov.ua

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ 15 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამართალდამცავებმა, ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით, კიევის მახლობლად საქართველოს მოქალაქე – „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური, ალ ბარა შიშანი, იგივე ცეზარ ტოხოსაშვილი დააკავეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტოხოსაშვილი 2013 წელს სირიის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგაზიზაციის – „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის მოადგილე გახდა, 2016 წელს, ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდეგ კი, თურქეთში გაემგზავრა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის ზაფხულში, ტოხოსაშვილმა, ყალბი პასპორტის გამოყენებით უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა მოახერხა, სადაც კვლავ განაგრძობდა „ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფების კოორდინაციას.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ამჟამად ტოხოსაშვილი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცეზარ ტოხოსაშვილს, რომელსაც თარხან ბათირაშვილის გარდა, ახლო ურთიერთობა  „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა ლიდერებთანაც, მათ შორის, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან აკავშირებდა, 2019 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)