გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 18 ნოემბერი,N261
შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილება
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოწყობილ თათბირზე მინისტრის თავმჯდომარეობითა და იუსტიციისა და შრომის მინისტრისა და ტფილისის ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანდასწრებით, ბინისა და სურსათის კრიზისის გამო დაადგინა: სხვა საშუალებათა შორის, რომლითაც თავი უნდა დავაღწიოთ კრიზისს, – საჭიროა ქალაქი ტფილისი გავათავისუფლოთ ისეთი ელემენტებისაგან, რომელნიც თავიანთი მოვალეობით, ან თავიანთი პროფესიით დაკავშირებულნი არ არიან ქალაქთან, და თავიანთი სიმრავლით კი ქალაქს ავიწროებენ, ამ მოსაზრებით თათბირმა გადაწყვიტა განსაზღვრულ დროში გასწმინდოს ქალაქი უცხო, არა ქვეშევრდომ ელემენტებისაგან, რაიცა ვრცელდება აგრეთვე ასეთსავე პირობებში მყოფ ქართველებზე. ამავე დროს მიღებულ იქნა რა მხედველობაში, რომ ამ საქმეს წესიერად შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრატიული ძალების მიერ სახლის პატრონებზე, მდგმურებზე და სხვა უცხო ელემენტებზე. სამინისტრომ – დაადგინა პასუხისმგებლობის აუცილებლობა იმ პირებისა რომელნიც ამას არ შეასრულებენ.
მთავრობის განკარგულების თანახმად შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადგინა:
1.ყველა ის უცხო ქვეშევრდომი და აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ქართველი მოქალაქენი, რომელნიც დაკავშირებული არ არიან ტფილისთან სახლის მფლობელობით ან განსაზღვრული ვაჭრობით, ან მრეწველობით, ან სამსახურით სახელმწიფო ან საზოგადო უწყებებში, ან კერძო დაწესებულებებში, – ვალდებულნი არიან დასტოვონ ქალაქი ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ, უცხოელები ვალდებული არიან საქართველო დასტოვონ, ხოლო ქართველნი ჩაეწერონ თავიანთ ადგილებში.
1 შენიშვნა: ზემოთ მოყვანილი 1 მუხლი ეხება იმათაც, რომელთაც აქვთ ვაჭრობა-მრეწველობისათვის სათანადო მოწმობა, მაგრამ შესაფერისის სავაჭრო და სამრეწველო საწარმო აღარ აქვთ.
2 შენიშვნა : პირველ მუხლში მოყვანილი დადგენილება არ ეხება უმუშევარ მუშებს, რომელნიც ჩაწერილი არიან შრომის ბირჟაში ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე. ოჯახები იმ უცხოელ ქვეშევრდომთა, რომელნიც ოჯახის მარჩენალნი არიან, და თავის სამსახურის გამო რესპუბლიკის გარედ ცხოვრობენ, ვალდებულნი არიან დასტოვონ ქალაქი ტფილისი აქ პირველ მუხლში აღნიშნული დროის განმავლობაში.
2. სახლის მოიჯარადენი, მათი პასუხისმგებელი გამგენი, მდგმურნი, სასტუმროს, ავეჯიან სახლების და სხვა დაწესებულებათა პატრონნი ვალდებული არიან ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში წარადგინონ სათანადო კომისარიატში ცნობები მათს სახლებსა და ბინებში მცხოვრებ იმ პირთა ვინაობა, რომელზედაც ეს დადგენილება ვრცელდება.
3. ის პირნი, რომელთაც ამ დადგენილების ძალით ტფილისში ცხოვრების უფლება აქვთ ვალდებულნი არიან აიღონ სათანადო უფროსებისაგან, ან მილიციის უფროსისაგან მოწმობა მათი პროფესიის შესახებ და წარუდგინონ, როგორც სახლებში, ისე ქუჩებში, მილიციის მოხელეებს და ქალაქი მართველობის კონტროლიორებს მათი პირველი მოთხოვნილებისთანავე.
4. ამ სავალდებულო დადგენილების დამრღვევნი, როგორც სახლის, ისე ბინის პატრონნი და სხვა, მესამე მუხლში აღნიშნული პირნი, იქნებიან ადმინისტრატიული წესით დასჯილნი, ჯარიმით 10 000 მანეთამდე, ან 3 თვე ციხეში დატუსაღებით და ამას გარდა გაძევებული იქნებიან ეტაფის საშუალებით რესპუბლიკის საზღვრებიდან, ხოლო რესპუბლიკის მოქალაქენი იმ ადგილას, სადაც ისინი მიწერილი არიან.
შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი