Site icon Civil.ge

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი პარლამენტსაც ტოვებს

სოფიო ქაცარავა. ფოტო: facebook.com/KatsaravaOfficial

პარლამენტის წევრმა სოფიო ქაცარავამ, რომელმაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა ჩააგდო თავისივე საკონსტიტუციო ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, დღეს განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს.

„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, – დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ქაცარავამ, რომელმაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლასთან ერთად, ხუთშაბათს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.

ქაცარავა იმ 12 დეპუტატს შორისაა, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, პროტესტის ნიშნად ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

14 ნოემბერს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი საპარლამენტო ოპოზიციის 44-ვე დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა ცვლილებების მომხრე უმრავლესობის მხოლოდ 57 დეპუტატი აღმოჩნდა. ქართული ოცნების 37-მა დეპუტატმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, 3-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ჯამში 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის რღვევის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

17 ნოემბერს, თბილისში, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით ორი საპროტესტო აქცია იგეგმება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)