Site icon Civil.ge

ევროკავშირი და აშშ თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

დემონსტრანტები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ, 17 ნოემბერი, 2019 წ. ფოტო: გურამ მურადოვი / Civil.ge

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 17 ნოემბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო „აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები“.

„ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებულ იქნა, როგორც ქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რასაც თან სდევდა პოლიტიკური კონსენსუსი და ყველა მხარის ერთობლივი ვალდებულება, ემუშავად ამ მიზნის მისაღწევად“, – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „გასულ ხუთშაბათს, ამ პროცესის მოულოდნელმა შეჩერებამ გაზარდა უნდობლობა და გაამძაფრა დაძაბულობა მმართველ პარტიას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის“.

„დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისღები იქნება“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო საქართველოში. 

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ უფლებას ანხორციელებს, კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)