18 ნოემბერს დაკავებული 37-ვე დემონსტრანტი ადმინისტრაციული დაკავებიდან 19 ნოემბრის ღამე გათავისუფლდა. მათი საქმეების განხილვა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა ოთხშაბათის, 20 ნოემბრის დღის 1 საათსა და 30 წუთისათვის გადადო.
პოლიციამ 37 მოქალაქე პარლამენტის შენობასთან 18 ნოემბერს მიმდინარე აქციის დროს ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავა. ამ დღეს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ გასულ ხუთშაბათს დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებდნენ.
37-ვე დაკავებულის საქმე განსახილველად ერთ მოსამართლეს, ვალერიან ფილიშვილს ჰქონდა მინდობილი, რამაც განხილვა შეაფერხა. დაცვის მხარემ დღის განმავლობაში არაერთხელ მოითხოვა მოსამართლე ფილიშვილის აცილება, რადგანაც იგი, ადვოკატების აზრით, საქმის გაჭიანურებას ცდილობდა.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციულად დაკავებულების საქმეების მხოლოდ ერთი მოსამართლის მიერ განხილვა ართულებს სწრაფ მართლმსაჯულებას. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ „აუცილებელია პროცესში დამატებით სხვა მოსამართლეთა ჩართულობა, რათა არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები“.
სახალხო დამცველმა მოსამართლეს დაკავების მაქსიმალური ვადაც შეახსენა: „ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი დაკავებულია 18 ნოემბერს, სამუშაო დროს, შესაბამისად, მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური ვადა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის 12 საათი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აუცილებელია მათი გათავისუფლება“.
იმავე პრობლემას იურისტი ედუარდ მარიკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოქალაქეები კანონით განსაზღვრულ 12 საათის მაქსიმუმზე მეტი დროით ჰყავდათ თავისუფლებაშეზღუდულნი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოქალაქეები სასამართლო დარბაზში ისხდნენ და ამაზე მოსამართლეს მიუთითეს, მოსამართლე ფილიშვილს ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
მარიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პროცესის მიმდინარეობისას „სასამართლო აგრძელებს იმ ტრადიციას, რაც იყო, ამათივე თქმით, „სისხლიან 9 წელს“, როდესაც კონვეიერებულად უშვებდნენ ადამიანებს ციხეში, აქციებისას დაკავებულებს, არ უდგებოდნენ ინდივიდუალურად მათ საქმეებს და არ აძლევდნენ ადვოკატებს შესაძლებლობას მოეპოვებინათ მტკიცებულებები და წარედგინათ ისინი სასამართლოსათვის“.
კანონდარღვევებზე ისაუბრა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემაც და აღნიშნა, რომ ყველა დაკავებული კანონით მოთხოვნილი 12 საათის ნაცვლად 24 საათზე მეტი დროით ჰყავდათ თავისუფლებაშეზღუდული. მშვენიერაძისვე თქმით, ადვოკატს მოსამართლემ მხოლოდ 6 წუთი მისცა 4 ადამიანის დასაცავად, ხოლო მოწმე პოლიციელთათვის კითხვის დასასმელად დაკავებულთა ადვოკატებს მხოლოდ 2 წუთი მისცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)