ევროპის სახალხო პარტია (EPP) და სოციალ-დემოკრატების ჯგუფი (S&D) საქართველოს პარლამენტში 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას ცალ-ცალკე განცხადებებით ეხმაურებიან.
ევროპის სახალხო პარტიამ 19 ნოემბერს განაცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ ის „მმართველი პარტიის ცინიკური და უსამართლო ნაბიჯის გამო ძალიან იმედგაცრუებულია“. „ყველა ქართული პოლიტიკური პარტია, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, შეთანხმდა, რომ პროპორციული სისტემა აუცილებელია პლურალისტური პოლიტიკური გარემოსთვის, ხოლო არსებულ შერეულ სისტემას მართებულად აკრიტიკებენ გადაჭარბებული უმრავლესობის შექმნის გამო“, – აცხადებენ ევროპის სახალხო პარტიაში.
ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო მთელი პასუხისმგებლობა ახლანდელ მთავრობას დააკისრა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ „თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას და პოლიტიკური გამოსავალი მაგიდასთან ეძიოს“.
„თუ ქვეყანა კომპრომისს ვერ გამოძებნის, ის სახიფათო გზას დაადგება, რასაც საქართველოს მეგობრების დიდი იმედგაცრუება მოჰყვება და მხოლოდ ისინი იხეირებენ, ვისაც ევროატლანტიკური კურსიდან საქართველოს გადაყვანა სურს“, – ნათქვამია განცხადებაში.
15 ნოემბერს 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 19-მა სამოქალაქო აქტივისტმა ევროპელი სოციალისტების პარტიას მიმართა (სადაც ქართული ოცნება დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს) და „იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს საქართველოში პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატია დგას “ რეაგირება სთხოვა.
სოციალ-დემოკრატების ჯგუფი, რომელიც ევროპარლამენტში ევროპელი სოციალისტების პაარტიის პოლიტიკური ჯგუფია, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ასევე „ძალიან შეშფოთებულია“.
„ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისთვის მთავარი ფაქტორია“, – დაწერა სოციალ-დემოკრატების ჯგუფმა Twitter-ზე გუშინ და იმედი გამოთქვა, რომ ხალხისადმი მიცემული დაპირება შესრულდება.
საქართველოს „მამაც ხალხს“, რომლებიც „ოლიგარქს“ ისეთი „ევროპული ღირებულებების დასაცავად“ ებრძვიან, როგორიცაა ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, სრული მხარდაჭერა ევროპარლამენტარმა ანა გომეშმაც გამოუთქვა. გომეშმა ევროკავშირს მათი აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)