Site icon Civil.ge

ეუთოს მუდმივმა საბჭომ ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის შესახებ იმსჯელა

ფოტო: facebook.com/freedomfordoctorvaja

21 ნოემბერს, დავით დონდუამ, საქართველოს ელჩმა ავსტრიაში და მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოსა და ვენაში მდებარე სხვა ორგანიზაციებში, ეუთოს მუდმივ საბჭოს ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის „გატაცებისა და უკანონო დაკავების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დონდუამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ მის დაუყოვნებლიც გასათავისუფლებად ძალისხმევა უნდა გააერთიანონ.

გაფრინდაშვილს, რომელმაც 9 ნოემბერს საკუთარ ოჯახს უთხრა, რომ იგი თბილისიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქმეებზე მიდიოდა, 15 ნოემბერს „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

ეუთოს მუდმივ სხდომაზე გამოსვლისას დონდუამ განაცხადა, რომ გაფრინდაშვილის საქმე ხაზს უსვამს ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების საჭიროებას. „არსებული ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად სეგმენტზე – მოხუცებზე, ბავშვებზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ“, – დაწერა მან Twitter-ზე.

გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო, საქართველოსთან ერთად, შეშფოთება ასევე გამოხატეს აშშ-ის მისიამ ეუთოსა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და მისი დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჰარი კამიანმა „გამშვები პუნქტების დახურვების დაუყონებლივ დასრულებისკენ“ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ კიდე ერთხელ ადასტურებს „სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შესასრულოს და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. ასევე, უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი შესვლა და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება“, – დასძინა მან.

მანამდე 19 ნოემბერს, ეუთოს გენერალურმა მდივანმა თომას გრემინგერმა ქართველი ექიმის ოჯახში დაბრუნების იმედი გამოთქვა. „ჰუმანიტარულ მიდგომას დაკავების ყველა შემთხვევის მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – დაწერა მან Twitter-ზე.

თავის ადრინდელ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პროცესების შესაწყვეტად და ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციას გასაუმჯობესებლად ყველა დიპლომატიურ მექანიზმს იყენებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ექიმის გასათავისუფლებად ყველა მათ ხელთ არსებული საშუალების გამოყენებისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, ხოლო სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევენ ციხელაშშვილმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ქართველ ექიმს „უახლოეს დღეებში“ გაათავისუფლებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)