Site icon Civil.ge

ომბუდსმენი: 18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლოზე მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოს სახალხო დამცველი 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული 37 პირის სასამართლო პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი საქმეების განხილვისას „მნიშვნელოვანი ხარვეზები“ გამოვლინდა და „საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა“.

სასამართლომდე პროცესები

სახალხო დამცველი 22 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ომბუდსმენის რწმუნებულების განმარტებით, რომლებმაც 18 ნოემბერს დაკავებულები პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში მოინახულეს, დაკავებულების ნაწილი უთითებდა, რომ მათ დაკავების საფუძველი არ იცოდნენ და არც დაკავების ან სამართალდარღვევის ოქმი ჰქონდათ ნანახი, ხოლო ნაწილი კი, ვინც ოქმებს გაეცნო მათში ასახულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.

ომბუდსმენი განსაკუთრებულ ყურადღებას შსს-ს მიერ დაკავებულ 20 პირზე ამახვილებს, რომლებიც როგორც თავადვე განმარტავს, საპატრულო პოლიციის მანქანებში ხელბორკილებით რამდენიმე საათის განმავლობაში ისხდნენ და რომელთა ნაწილიც ამბობდა, რომ მათ საპირფარეშოთი სარგებლობისა და ოჯახის წევრებისთვის მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა არ ეძლეოდათ. ასევე, სახალხო დამცველისვე განმარტებით, სამინისტროს შენობასთან მისულ ადვოკატებს აყოვნებდნენ, რაც დაკავებულებთან მათ შეხვედრას ართულებდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაკავებულების მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური 12 საათიანი ვადაც დაირღვა. „სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმეთა განაწილება სხვადასხვა მოსამართლეებს შორის, რათა სასამართლო განხილვები დროულად წარმართულიყო და საქმის გაჭიანურების გამო მოქალაქეთა თავისუფლება არაგონივრული ვადით არ შეზღუდულიყო“, – აცხადებს ომბუდსმენი.

სასამართლო პროცესები

ომბუდსმენი აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესების „არაგონივრული ვადით გაჭიანურებაზეც“ მიუთითებს და იმ დარღვევებზეც საუბრობს, რომელთაც მისივე განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. კერძოდ, სახალხო დამცველის განცხადებით:

დაცვის უფლებით სარგებლობა

ომბუდსმენი ასევე განმარტავს, რომ სასამართლო განხილვის ფარგლებში, დაცვის უფლებით რეალურად სარგებლობისთვის საკმარისი დრო და საშუალება არ მიეცა. „სხდომის მხოლოდ ერთი ან ორი საათით გადადება არათუ დაცვის მიერ მტკიცებულების მოპოვებისთვის აღმოჩნდა საკმარისი, არამედ თავად პოლიციელებმაც კი ვერ მოასწრეს, გაცნობოდნენ იმ მასალას, რომელიც სასამართლოში წარადგინეს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, სახალხო დამცველისვე განცხადებით, მოსამართლემ დაცვის მხარეს მოწმეებისთვის კითხვების დასმისა და საბოლოო პოზიციის წარმოსადგენად „გაუმართლებლად მცირე დრო განუსაზღვრა“. აგრეთვე, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაკავებულებს ერთმანეთისგან „დისპროპორციულად განსხვავებული“ სახდელები დანიშნა, რამაც „,მოსამართლის მოტივაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩნია“.

ხარვეზები კანონმდებლობაში

სახალხო დამცველი განცხადებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებზეც მიუთითებს და განმარტავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ეს სასამართლო განხილვები ადასტურებს, რომ კოდექსი მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს და პარლამენტმა ახალი ნორმატიული აქტი „რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს“.

ომბუდსმენი საქართველოს პროკურატურასაც მიმართავს, რომ მან 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან მიმართებით დამკვიდრებული პრაქტიკითა და იმ გარემოებების გათვალისწინებით იმოქმედოს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს არ პასუხობს. ამასთან იგი საგამოძიებო უწყებას სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვისა და დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნისკენ მოუწოდებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)