საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორად 22 ნოემბერს სამი წლის ვადით გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. მას მხარი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ოთხი წევრიდან სამმა – გიგა ჩხარტიშვილმა, თამილა დოლიძემ და სოსო სტურუამ დაუჭირეს, თამარ წილოსანმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
მიმდინარე წლის აპრილში, აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტიდან ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის წესით გათავისუფლების შემდეგ, ეს მაუწყებლის ახალი დირექტორის შერჩევის უკვე მეოთხე მცდელობა იყო. ტელევიზიის დირექტორობისთვის სულ 9 კანდიდატი იბრძოდა.
აჭარის მაუწყებელის დირექტორობის მსურველებთან გასაურება ორი დღის განმავლობაში, 21-22 ნოემბერს მიმდინარეობდა, რის შემდეგადაც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ, 22 ნოემბერს დირექტორის შესარჩევად ჩატარებულ პირველ კენჭისყრაზე მაუწყებლის დირექტორის შერჩევა კვლავ ვერ შეძლო. გიორგი კოხრეიძეს მხარი მრჩეველთა საბჭოს მხოლოდ ორმა წევრმა დაუჭირა.
დირექტორის ასარჩევად იმავე დღეს განმეორებითი კენჭისყრა ჩაატარეს. მეორე ცდის შედეგად, სურათი შეიცვალა და კოხრეიძის სასარგებლოდ ხმა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა მისცა, ჯამში მას სამი ხმა დაუგროვდა, რაც დირექტორის ასარჩევად საკმარისი აღმოჩნდა. მრჩეველთა საბჭოში სამივე მათგანი ქართული ოცნების კვოტით არის შესული.
გიორგი კოხრეიძის ხედვები
გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის ოთხივე შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა. პირველ ორ კენჭისყრაზე მას მხარი საბჭოს არცერთმა წევრმა დაუჭირა, მესამე კონკურსზე კი მან მხოლოდ ორი ხმა მიიღო.
აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა მოთმინება უნდა ისწავლონ. მან ამაზე გუშინ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან გასაუბრების დროს აღნიშნა. მოგვიანებით კი, უკვე დირქტორის რანგში, მაუწყებლის საღამოს ეთერში სტუმრობისას, მან „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ თუკი რესპონდენტი კონკრეტული ტელევიზიის ეთერში სტუმრობაზე უარს ამბობს, ეს არა სტუმრის, არამედ თავად მაუწყებლის ბრალია.
მისივე შეფასებით, არაკომფორტული გარემოს დახვედრებით, სტუმარს გამოხატვის უფლება ერთმევა. ამასთან კოხრეიძის თქმით, როდესაც რესპონდენტი „გიცხადებს ბოიკოტს, მისი ხმა საერთოდ იკარგება“. მანვე ჟურნალისტს შეახსენა, რომ მისი ვალდებულება ასეთი ხმების საზოგადოებამდე მიტანაა.
გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან ხმამაღალ ტონალობაშიც საუბრობდა, რაზეც ჟურნალისტმა კოხრეიძეს მიუთითა და მოუწოდა, მისთვის არ ეყვირა.
გასაუბრების შემდგომი დეტალები
აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის შერჩევას არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, იმის საჩვენებლად, რომ აჭარის ტელევიზიაში „თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი აზრი დასრულდა“, სამოქალაქო აქტვივისტებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ტელევიზიის შენობასთან სიმბოლურად სამგლოვიარო ყვავილების თაიგული მიიტანეს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ასმათ დიასამიძის შეფასებით, მრჩეველთა საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, „კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ხელისფულებამ ხალხზე და პირველ რიგში მედიაზე“.
რესპუბლიკური პარტიის წევრ ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით კი, „მიზანი მიღწეულია“ და „მრავალთვიანი შეტევის შედეგად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თავზე ფრიალებს პარტია ქართული ოცნების გამარჯვების დროშა“.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ და თქვა, რომ „მედიაზე ნებისმიერი სახის დიქტატი მიუღებელია“. „სარედაქციო დამოუკიდებლობა, ობიექტური შეფასება მოვლენების, არის იმის საწინდარი და საფუძველი, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია განვითარდეს და რეალური სურათი დავინახოთ და არა გაუკუღმართებული“, – დასძინა მანვე.
კრიტიკული იყო არასამთავრობო სექტორიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის მალხაზ ჭკადუას შეფასებით, „ხელისუფლებამ გადაიფორმა მორიგი ტელევიზია“ და „ეს არის პრაქტიკულად კრახი ჩვენი მედიაგარემოსთვის, განსაკუთრებით – რეგიონისთვის“.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა ანა მდინარაძემაც გამოუცხადა და საჭიროების შემთხვევაში, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სამართლებრივი დახმარებაც შესთავაზა.
საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილები იყვნენ აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრები. საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ჩხარტიშვილმა თქვა, რომ ახალ დირექტორს „კარგად ესმის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და მისი ფუნქციები“. საბჭოს კიდევ ერთი წევრის სოსო სტურუას თქმით კი, გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დაცვის გარანტი იქნება.
საბჭოს წევრთაგან განსხვავებულად ფიქრობენ თავად აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები. გუშინ საღამოს, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში განცხადებაც წაიკითხეს და აღნიშნეს, რომ „გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა, სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლის მცდელობაა“.
„მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები. „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ გარკვეული პირების მიერაა თავსმოხვეული. ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრი და ნება, გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტით“, – აცხადებენ ისინი.
ამბის წინაისტორია მოკლედ
აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მიმდინარე წლის აპრილში, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აწ უკვე ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. კაპანაძეს თანამდებობა ვადის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დაატოვებინეს.
იმპიჩმენტის საკითხს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და ეს პროცესი „მკვეთრად უარყოფითად“ შეაფასეს. ისინი განმარტავდნენ, რომ მმართველ გუნდს მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდა და დირექტორის იმპიჩმენტი სწორედ აღნიშნულის საპირისპირო ტენდენციით ჩანაცვლებას ემსახურებოდა.
მას შემდეგ, შვიდი თვის განმავლობაში აჭარის მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად ოთხი კონკურსი გამოცხადდა, თუმცა გუშინდელ დღემდე ახალი დირექტორის შერჩევა ვერ მოხერხდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ პროცესების გაჭიანურება ხელოვნურად ხდებოდა.
ამ პერიოდში შეიცვალა მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაც. ორი ახალი წევრი – სოსო სტურუა და თამილა დოლიძე ქართული ოცნების კვოტით დაამტკიცეს, ხოლო ერთი – თამარ წილოსანი – დამოუკიდებელ დეპუტატთა კვოტით. საბჭოში 2018 წელს ასევე ქართული ოცნების კვოტით შერჩეული წევრი – ლაშა ჩხარტიშვილი – საბჭოს თავმჯდომარეა. ამ დრომდე ვაკანტურია საბჭოს მეხუთე წევრის ადგილი. საკუთარი კანდიდატურა პარტია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც უნდა წარადგინოს.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკისადმი ღია უკმაყოფილება მმართველი გუნდის წევრებმა არაერთხელ გამოხატეს. მათ შორის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც. რამდენიმე დღის წინ კი, პირდაპირ ეთერში ჩართვისას აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ნაციონალური მოძრაობისგან „გამიჯვნა“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ურჩია.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)