Site icon Civil.ge

ოცნება საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განიხილავს

კახა კალაძე. ფოტო: gd.ge

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს, რადგან „საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს“.

„თემა დახურულია“, – თქვა კალაძემ, თუმცა იქვე განმარტა, რომ ქართულ ოცნებაში „გაგებით“ ეკიდებიან რამდენიმე დღის წინ, მმართველ გუნდში შემავალი მაჟორიტარი დეპუტატების მიერ გახმოვანებულ ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

კალაძის განცხადებით, ქართულ ოცნებაში შეთანხმდნენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატები „გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“.

უარი ე.წ. გერმანულ მოდელს

კალაძემ ასევე გადაჭრით უარყო საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარების შესაძლებლობა, რასაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, 14 ნოემბრიდან მოითხოვს.

ე.წ. გერმანული მოდელის შემოღების შემთხვევაში, კონსტიტუციის შეცვლა საჭირო არ იქნება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, რაც 73 დეპუტატის მაჟორიტარული ოლქებიდან არჩევას, 77-ის კი პარტიული სიით არჩევას გულისხმობს.

სანაცვლოდ, ცვლილება საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს და გაუქმდეს შეკრებითობის პრინციპი, რომლის დროსაც მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით პარტიის მიერ ნაჩვენები შედეგი ჯამდება. საარჩევო კოდექსის ცვლილების შემდეგ, პარტია პარლამენტში მანდატების იმ რაოდენობას მიიღებს, რაც მის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით მიღებულ მხარდაჭერას შეესაბამება.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა (113 დეპუტატის ხმა). მისი მიღება 76 დეპუტატის ხმით არის შესაძლებელი.

კალაძის თქმით, „სიცრუეა“ „ნაციონალური მოძრაობის და მისი დანამატების“ მოსაზრება, თითქოს, ე.წ. გერმანული მოდელი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას [და რომ, მისი ამოქმედება საკონსტიტუიო ცვლილებას არ მოითხოვს].

„ეს არის შეგნებული სიცრუე, რაც უმარტივესი სამართლებრივი, ლოგიკური და არითმეტიკული ანალიზითაც კი დასტურდება. შესაბამის არგუმენტებს აქტიურად ვუზიარებთ საზოგადოებას და მზად ვართ, ეს არგუმენტები ყველა დაინტერესებულ პირს სხვადასხვა საჯარო პლატფორმის მეშვეობით წარვუდგინოთ“, – განაცხადა კალაძემ

მხარდაჭერა ქართული ოცნებისთვის მისაღები ოპოზიციური კანდიდატებისათვის

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა დღეს ღიად განაცხადა, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისთვის სასურველ ოპოზიციურ კანდიდატებს მხარდაჭერას გაუწევს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, ნაციონალური მოძრაობის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ამით გზას გაუხსნიან „ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში“.

„შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას“, – აღნიშნა კალაძემ.

14 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მოჰყვა.

ისინი, 14 ნოემბრიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ.

ისევე როგორც ერთი კვირის წინ, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის პიკეტირებას დღესაც გეგმავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)