Site icon Civil.ge

ოცნებამ ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა

ფოტო: parliament.ge

ქართულმა ოცნებამ, დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების გამო პროტესტის ნიშნად გადამდგარი და უმრავლესობიდან გასული დეპუტატების ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე თამარ ჩუგოშვილს საპარლამენტო უმრავლესობის აწ უკვე ყოფილი ლიდერი გია ვოლსკი შეცვლის. საპარლმენტო უმრავლესობას კი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამავდროულად ვიცე-სპიკერის ფუნქციასაც შეასრულებს.

ვიცე-სპიკერების პოსტებს ასევე დაიკავებენ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კახიანი და დეპუტატი კახა კუჭავა. რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებს, მათი თანამდებობები ასე გადანაწილდა:

აღსანიშნავია, რომ კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტებზე წარდგენილი სამი კანდიდატი – ნინო წილოსანი, დავით სონღულაშვილი და გურამ მაჭარაშვლი იმ დეპუტატების რიგებში არიან, რომლებმაც 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ვაკანტურ პოზიციებზე წარდგენილ კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში დაამტკიცებენ.

ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მის მიერვე ინიცირებული კანონპროექტი 101 ხმით სამის წინააღმდეგ ჩააგდო, რასაც სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პროტესტი მოჰყვა.

17 ნოემბერს პროპორციული ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაც გაიმართა. იმავე საღამოს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირების გადაწყვეტილება მიიღო და საკანონმდებლო ორგანოს ყველა ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

აქციის მონაწილეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ და აცხადებდნენ, რომ პარლამენტის შენობის პიკეტირებას იქამდე გააგრძელებდნენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა და შესაბამისად, პარლამენტში შესვლას ვერც ქართული ოცნების დეპუტატები შეძლებდნენ.

18 ნოემბერს მათ საკანონმდებლო ორგანოში მისული ოცნების რამდენიმე დეპუტატი არ შეუშვეს, რის გამოც დაგეგმილი ბიუროს სხდომა ვერ ჩატარდა. შედეგად, შსს-მ დაახლოებით დღის 4 საათისთვის პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია წყლის ჭავლისა და სპეცტექნიკის გამოყენებით ბარიკადებისგან გაათავისუფლა.

აქციის დაშლისას, შსს-მ 37 პირი დააკავა, რომელთაგან 10-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს 1 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთს კი სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი 25 პირის სასამართლო კი, გადადიდო და ამ დრომდე არ გამართულა.

გასული კვირის განმავლობაში, საქართველოს მთელი მასშტაბით ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ქართული ოცნების ოფისებისა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულების ე.წ. „დაბოქლომების“ სიმბოლური აქციები მიმდინარეობდა, რომელიც დღეს საღამოს შვიდ საათზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციით უნდა დაგვირგვინდეს.

აქციის ორგანიზატორები დღეს პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩენასა და საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ. მათივე თქმით, ისინი ოცნების დეპუტატებს ხვალისთვის ჩანიშნული პლენარული სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

პროტესტის პარალელურად, გადაწყვეტილების შეცვლას და 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილებას არ გეგმავენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცველი სტრუქტურები კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)