Site icon Civil.ge

სპეცრაზმმა დემონსტრანტებისგან ქუჩები გაათავისუფლა, აქცია პარლამენტთან გრძელდება

საპროტესტო აქცია პარლამენტთან, 25 ნოემბერი, 2019 წ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

დღეს დილის 05:00 საათისთვის, შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით საქართველოს პარლამენტთან გადაკეტილი ქუჩები დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა.

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე, ასევე 9 აპრილის, ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან დაბანაკებულ მომიტინგეებს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად ნახევარსაათიანი ვადა მისცეს, შემდეგ კი, სპეცრაზმმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ძალის გამოყენებით დაიკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლისას, სამართალდამცველების დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობისთვის, 28 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  უწყების ცნობით, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

მთელი ღამის განმავლობაში და მანამდეც, სამართალდამცველები მომიტინგეებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას, აქციის ტერიტორიაზე შეეტანათ შეშა, რათა კოცონი დაენთოთ და გამთბარიყვნენ. პოლიციელებმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეული დროით დააკავეს ევროპული საქართველოს ორი დეპუტატი გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებისთვის გათბობის მიზნით, წალმის მიტანას ცდილობდნენ.

გიგა ბოკერიამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე მალევე დაბრუნდა, სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალის შესახებ განაცხადა: „დარბევა ეს არ არის, მაგრამ ეს არის სრულიად უკანონო ბრძანების შესრულება“.

„ეს არის უბედურება, რომ აი ამ პოლიციელებს ყოველდღე ასრულებინებენ სამარცხვინო, უკანონო და უაზრო ბრძანებებს, მაგრამ ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება, არის ნაწილი იმ წნეხისა, რომელიც ხორციელდება ამ სამარცხვინო კლოუნებზე. ნორმალური ცხოვრება მაგათ არ ექნებათ, სულ სპეცრაზმის დაცვის ქვეშ უნდა იარონ და ვერ გაუძლებენ და ჩამოიშლებიან“, – უთხრა პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს ბოკერიამ.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შესასვლელებთან გზები გუშინ საღამოს 10:00 საათისთვის გადაკეტეს. მათი ნაწილი პარლამენტის შენობის წინ რჩება. რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ოპოზიციური ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი გეგმები ძალაშია და საპროტესტო აქცია გრძელდება.

პარლამენტის პლენალური სხდომა, რომელზე დასწრების საშუალებაც, დემონსტრანტების ჩანაფიქრით, ქართული ოცნების დეპუტატებს არ უნდა მისცემოდათ, დღეს 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

14 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მოჰყვა.

ისინი, 14 ნოემბრიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ითხოვენ.

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან  მასშტაბური აქცია ერთი კვირის წინაც გამართეს, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის ქუჩაში გამოსვლითა და 37 მომიტინგის დაკავებით დასრულდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)