საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 19-22 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას მიესალმა, რომელიც „არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი“.
22 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს დევიდ ნორქვისტს შეხვდა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან ჩარჩოხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
პენტაგონში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, დევიდ ნორქვისტმა განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და ხელშეწყობისადმი ერთგულებას ეფუძნება, არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი“.
„აშშ მიესალმება საქართველოს წვლილს ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და აფასებს ქართველი სამხედროების თავგანწირვას მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების საქმეში“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, მინისტრმა ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე, ბორდერიზაციასა და მილიტარიზაციაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აუარესებს.
„ჩვენ ერთად ვაშენებთ თანამედროვე, ნატოსთან თავსებად, ბრძოლისუნარიან, მტკიცე და მობილურ ძალას, რომელსაც შეუძლია როგორც შეკავება, ისე თავდაცვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
21 ნოემბერს ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ცხინვალში ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზეც ისაუბრა.
Hosted @GharibashviliGe of @ModGovGe for frank conversation about Georgia-US defense plans, regional security, US policies as well as the tense political situation in Georgia and rules for 2020 elections @GeorgianEmbassy @GovernmentGeo pic.twitter.com/pq6TPmwVmm
— Damon M. Wilson (@DamonMacWilson) November 21, 2019
მანამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მეთაურს, ბრიგადის გენერალს ჯეი ბარგერონს შეხვდა და ის ქართველი ოფიცრები მოინახულა, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტში სამეთაურო-საშტაბო და მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსებს გადიან.
აშშ-ში, ატლანტაში გამართულ საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრს „გამორჩეული სამსახურისთვის და საქართველოსა და აშშ-ის შორის ხანგრძლივი და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის“, ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა.
ვიზიტის პირველ დღეს, 19 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი სამანევრო დახელოვნების ცენტრს და უსაფრთხოების ძალების პირველ მხარდამჭერ ბრიგადას ესტუმრა და ფორტ ბენინგთან მდებარე ქვეითთა ეროვნულ მუზეუმსა და ჯარისკაცის ცენტრში მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მან ერაყის საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული ქართველი და ამერიკელი მშვიდობისმყოფელების ხსოვნას პატივი მიაგო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)