Site icon Civil.ge

არასამთავრობოები ცხინვალში „ჰუმანიტარული კრიზისის“ გამო ევროპის საბჭოს მიმართავენ

რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯთან. ფოტო: ოთარ კობახიძე / Civil.ge

12 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის უფლებებისთვის“ (IPHR), „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და საპარლამენტო ასამბლეას, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავენ და, მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური ბერკეტის გამოიყენებისკენ მოუწოდებენ.

27 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის პოლიტიკური და სამართლებრივი რეგულირების რესურსის არარსებობა ადგილობრივ მცხოვრებლებზე მძიმედ აისახება. ამ კონტექსტში, ისინი კონფლიქტის ზონებში ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად მიღებულ „მძიმე“ „ჰუმანიტარულ“ და „სოციალურ“ შედეგებზე, ასევე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე მიუთითებენ.

„გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება სხვა ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობაზეც, მათ შორის, ხარისხიანი და სწრაფი ჯანდაცვის, განათლების, ოჯახის და პირადი ცხოვრების უფლებებზე. აღსანიშნავია, რომ ბორდერიზაციის მძიმე შედეგები ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ყველა ადამიანს, მათ შორის, ეთნიკურ ოსებს“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

არასამთავრობოები სწორედ ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას უკავშირებენ 2019 წლის 9 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასაც და განმარტავენ: 

„ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ორ კვირაზე მეტია იმყოფება ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ციხეში და ამ დროისთვის გამოყენებული დიპლომატიური და პოლიტიკური გზები როგორც ჩანს, უშედეგოა მის გასათავისუფლებლად. საქმეს ართულებს ის გარემოებაც, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის პერსონას მუდმივად ეძლევა პოლიტიკური კონოტაცია, რაც დაკავებული ექიმის უსაფრთხოების რისკებს ზრდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობოები ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევებზეც მიუთითებენ და ყურადღებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის, ასევე გალში დაკავებისას ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეებზე ამახვილებენ.

უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენებას არ ცდილობს, რომელიც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ფაქტებზე „მყისიერი და ეფექტიანი საშუალებაა“. „მთავრობას არ გაუკეთებია განმარტება, თუ რა არის მისი მაგვარი გადაწყვეტილების დასაბუთება“, – დასძენენ ისინი.

არასამთავრობოები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ადამიანის უფლებათა კომისარს, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, მათი მანდატების ფარგლებში მოუწოდებენ:

უფლებადამცველები ასევე მიმართავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შექმნილი კრიზისის დაძლევისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საჭირო ქმედითი საერთაშორისო ღონისძიებების გატარების მიზნით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)