„თბილისში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციის ფონზე, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არასასურველი ძალის გამოყენებისგან“, – ნათქვამია საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის Amnesty International-ის განცხადებაში.
27 ნოემბერს გამოქვეყნებულ ორგვერდიან განცხადებაში ორგანიზაცია 18 და 26 ნოემბერს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციების დაშლაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის დროსაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა, ხოლო ათობით მომიტინგე პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
- სპეცრაზმმა დემონსტრანტებისგან ქუჩები გაათავისუფლა, აქცია პარლამენტთან გრძელდება
- სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორიიდან ბარიკადები აიღო
Amnesty International-ის თქმით, „ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ არაძალისმიერი საშუალებები ეფექტიანი აღარ არის, ხოლო სამართალდამცველებმა ზიანისა და დაზიანებების მინიმუმამდე დაყვანა უნდა სცადონ“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „იმ მშვიდობიანი შეკრებების დაშლისას, რომლებიც ადგილობრივი კანონმდებლობით უკანონოა, სამართალდამცაველებმა უდიდესი თავშეკავება უნდა გამოიჩინონ, ხოლო თუ ძალის გამოყენება გარდაუვალია, ის დემონსტრანტების წინააღმდეგობის დონის შესაბამისი უნდა იყოს“. ამავე განცხადების თანახმად, „ძალა, რომელიც სავარაუდოდ დაზიანებას გამოიწვევს, მხოლოდ იმ პირთა მიმართ უნდა იქნას გამოყენებული, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობენ“.
„მოცემულ კონტექსტში, ის შეკრებები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას ახდენს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს, თუ ხელისუფლება დაშლის სოციალურ აუცილებლობას დაადასტურებს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრაციამ მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია ხანგრძლივი დროით“, – აცხადებს Amnesty International-ი და დასძენს, რომ „ეს ასე არ ყოფილა 18 და 26 ნოემბერს, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შესასვლელები რამდენიმე საათით ჩაკეტეს“.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ცივ ამინდში“ წყლის ჭავლის გამოყენების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „წყლის ჭავლის გამოყენება არც თანაზომიერი და არც საჭირო იყო“. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტილება წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტუალურ ფაქტორებსაც, როგორიცაა ძალიან ცივი ამინდი, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავოს მისგან გამოწვეული ზიანი“.
Amnesty International-მა აღნიშნა, რომ „მათი გამოყენება იმ სიტუაციებშია შესაძლებელი, როდესაც შეკრებაში მონაწილე პირთა ან ჯგუფის შეკავება ან დაშლაა საჭიროა და როდესაც ძალადობის დონემ ისეთ ხარისხს მიაღწია, რომ სამართალდამცველები ვეღარ ახერხებენ საფრთხის შეკავებას მხოლოდ მოძალადე პირებზე ფოკუსირებით“.
ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების თაობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს, რომ „ზოგადად, წყლის ჭავლი სერიოზული საზოგადოებრივი არეულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც არსებობს სიცოცხლის დაკარგვის, სერიოზული დაზიანებების მიღების ან ქონების ფართომასშტაბიანი განადგურების ალბათობა“ და რომ წყლის ჭავლის დამიზნება ახლო მანძილიდან დაუშვებელია, რადგანაც მან შესაძლოა მუდმივად დაბრმავება ან რაიმე მეორადი დაზიანებები გამოიწვიოს.
- პარლამენტის პიკეტირებაში მონაწილეთა ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- 18 ნოემბერს დაკავებულები გაათავისუფლეს, საქმის განხილვა ოთხშაბათის შუადღემდე გადაიდო
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომლის მხარეც საქართველოცაა, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების 15 დღემდე ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა იმის გამო, რომ ისინი შეეწინააღმდეგნენ პოლიციის მითითებებს სახელმწიფო შენობის შესასვლელების გახსნის შესახებ“. „ამგვარი ქმედება არღვევს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, თავისუფლების უფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას“, – აცხადებს Amnesty International-ი და დასძენს, რომ ამგვარი პრაქტიკა შეკრების თავისუფლების თაობაზე ქართველი ხალხის აღქმას მნიშვნელოვნად შეასუსტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)