27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ საუბრისას, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტების, როგორიცაა NDI და IRI, რეიტინგებს საქართველოში ნდობა აღარ აქვთ.
„სამწუხარო რეალობაა, წლების განმავლობაში გრძელდება ის, რომ ქვეყნდება რეიტინგები. ამას აქვეყნებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის [აშშ-ის] ძალიან სერიოზული ორგანიზაცია და საზოგადოებაში მას აღარ აქვს ნდობა და ძალიან ხშირად ღიმილით ხვდებიან“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„პრობლემა ის კი არაა, რომ ამ რეიტინგების გვეშინია, თქვენ კარგად თქვით, რომ ნდობა აღარ აქვს ამ რეიტინგებსო, ასეთი უნდობლობის პირობებში, რომ ასე ჯიუტად ქვეყნდება IRI-ის თუ NDI-ის კვლევა იქნება, მაინც ჯიუტად ერთიდა იგივე საფუძველზე, ამან შეიძლება სხვა დანიშნულება მიიღოს, შეიძლება ვიღაც პოლიტიკოსებს უნდათ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ნახეთ, ამერიკული ორგანიზაციები, თუ შეიმჩნევა ტენდენციურობა, არათუ შეიმჩნევა, არამედ აშკარაა, ქართული ოცნება არ უყვართ და ისევ ნაცმოძრაობას უჭერენ მხარსო… უკვე ამაზე მიდის მუშაობა, რომ აი ნახეთ, ეს ამერიკული ცენტრალური ორგანიზაციები ამას შეგნებულად ამახინჯებენ იმიტომ, რომ აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას და არა ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ „მე ვფიქრობ, რომ არცერთი და არც მეორე არაა საფუძველს მოკლებული, მაგრამ ზოგადად ხდება ის, რომ დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში“.
მან IRI-ს და NDI-ს რეპუტაციის დაკარგვაში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა: „ვინ აკეთებს კვლევებში ველს IRI და NDI, იქაც და იქაც ნაცების მიერ დაფუძნებული, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები გადიან, ალაგებენ და ზემოდან ეხურება NDI ან IRI. იქ მეთოდიკა აღარანაირი აღარ მუშაობს. იქ თუ ადამიანებს სწორი კითხვები არ დაუსვი, ინფორმაცია სწორი არ გააკეთე, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ NDI და IRI დიდი ინსტიტუტები არიან, დემოკრატების და რესპუბლიკელების და რა თქმა უნდა,მე მადლიერების მეტი ამ ინსტიტუტების მიმართ არ მეთქმის და ქართული ოცნების არცერთ წევრს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში წლების განმავლობაში გრძელდება [ეს ვითარება] … კვლევები, რომ დაუკვეთოს NDI-მ ან IRI-მ ისეთ ორგანიზაციას უნდა დაუკვეთოს, რომელსაც აქვს გარკვეული მონაცემები, ამ მონაცემების საფუძველზე ნაცებმა დაუფუძნეს კომპანია, შეიძლება სხვა არც კი არსებობს საქართველოში, არც მიფიქრია მაგაზე… ამათ [ნაციონალურმა მოძრაობამ] ეს დაუფუძნეს, თავისი ხალხი დაულაგეს, დღემდე ამათ უკვეთავენ და დღემდე ვღებულობთ ამ უბედურებას“.
შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ასეთი მხარდაჭერა თავისი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „არ ქონია ისტორიაში“, თუმცა, მისი თქმით, თუ აშშ-ის ინსტიტუტები, როგორიც IRI და NDI-ია, ისეთ რამეს აკეთებენ, რაც საზოგადოებაში ნდობის ნაკლებობას იწვევს, ეს „სამწუხაროა“. მისი თქმით, მისი წუხილები ეხება IRI-ის და NDI-ის ოფისებს საქართველოში და არა ვაშინგტონში, სადაც საქართველოს „უპრეცედენტო მხარდაჭერა“ აქვს.
სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ როგორ შეიძლება, რომ აშშ-ის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის ინტერესებს აზიანებდეს. მან იქვე დასძინა, რომ არ გამორიცხავს ღია წერილის გაგზავნას კონგრესში, სენატსა და თეთრ სახლში, სადაც ყველა მისი წუხილი იქნება ასახული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)