Site icon Civil.ge

მმართველი გუნდი და ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზისთვის“ მიცემულ ინტერვიუს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა.

„სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი: „ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად, საზოგადოებაში დაგროვილ შეკითხვებს უპასუხა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან იყო ხაზგასმა იმაზე, რამდენად რთულია სრული დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვით, სრული დემოკრატიული პროცედურების დაცვით ქვეყნის მართვა წარმატებულად და ეს ის გამოწვევა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. მარტივია ქვეყნის მართვა, როცა შენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იყენებ უკანონოდ, ძალადობრივად. რთულია ქვეყნის მართვა მაშინ, როცა აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, სადაც მედია თავისუფალია, გამოხატვის თავისუფლებასაც არაფერი ემუქრება, სადაც ისეთი დოზის დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება გაქვს, როცა ზოგიერთები პარლამენტის შტურმსაც გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ. ეს იყო ჩემთვის ძირითადად გასაგები და მინდა კიდევ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის მიზნები, რომლებიც ჩვენ ამ ინტერვიუში დავინახეთ, ჩემთვის არის აბსოლუტურად გასაგები და ის არის, რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ“. 

თეა წულუკიანი – ვიცე-პრემიერი: „ამ ინტერვიუმ ძალიან კონკრეტული აქცენტები დასვა. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის, რომ ჩვენი მომავალი პოლიტიკური ცხოვრება არის სწორედ 2020 წლის არჩევნები, იმ შერეული მოდელით, რომელიც დღეს გაწერილია კონსტიტუციაში. ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში ის ცალმხრივი ინიციატივა, რასაც მე იდეას ვუწოდებდი, არავისთან კონტრაქტი არ ყოფილა, ჩავარდა და ვერ გავიდა. ეს ინტერვიუ მთლიანად გვაჩვენებდა იმას, რაც არის და ვინც არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს პირადი ინტერესი, რომ იმყოფებოდეს იქ, სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში და ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი არის ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარება იმ პირობებში, რა პირობებშიც იმყოფება, ეს არის ოკუპაცია და ეს არის ეკონომიკური პრობლემები და ნომერ პირველი პრობლემა დასაქმება, რომელზეც იყო საკმაოდ სიღრმისეული და მასშტაბური საუბარი ამ ინტერვიუს დროს“.

მაია ცქიტიშვილი – ვიცე-პრემიერი: „ის ანალიზი, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, ისევე, როგორც ყოველთვის, არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან საჭირო და, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ოპოზიციის ლიდერებს ასეთი ტიპის ანალიზი არ მოსწონთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ანალიზი პარტიის ლიდერის მხრიდანაც მოისმინეს“.

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი: „ბატონი ბიძინა ჩვეული გულწრფელობით არის მოწოდებული. მან სრულად, გულწრფელად გასცა ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას და ცილისწამებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული, შეიძლება ითქვას ექსტრემისტულ ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან“.

ნათია თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: „პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული და ძალიან გულწრფელი ანალიზი, რაც, ალბათ, ყველამ დავინახეთ. ჩემი აზრით, ბევრ კითხვას, რაც შეიძლება ტრიალებდეს ქართულ საზოგადოებაში, ადეკვატური პასუხი გაეცა. მათ შორის, ეს ანალიზი მოიცავდა პასუხს აი იმ რადიკალური ფრთის განწყობების მიმართაც, ვინც ასევ ვთქვათ, თავისი რადიკალიზმით ცდილობს დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში. ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ის ნაწილი, რაც ეხება დასაქმებას, იმიტომ, რომ მართლაც ასეა, ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის დასაქმება“.

ლევან დავითაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი: „ბატონმა ბიძინამ ძალიან გულწრფელად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. საკმაოდ სიღრმისეული ანალიზი იყო, მისი პროგნოზები ხშირად გამართლებულა“.

ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი: „ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, ალბათ, ნახეთ. ერთი მომენტია, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა, თუ პროპორციული არჩევნები იყო მთელი საზოგადოების მოთხოვნა, მაშინ მოვა ეს საზოგადოება და პასუხს გასცემს არჩევნებზეო. ხოლო, თუ ეს მხოლოდ იმ პატარა გუნდისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც ქუჩაშია, მაშინ დარჩება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“.

კახა კალაძე – ქართული ოცნების გენერალური მდივანი: „ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და [ბიძინა ივანიშვილმა] გააკეთა შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე“.

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი: „ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო იმ სურათის წარმოჩენა, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. ეს სურათი აბსოლუტურად ზუსტად იყო წარმოჩენილი, სწორედ ამიტომ ვისმენდით ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ნერვიულ კომენტარებს – მათ ჩაიხედეს სარკეში“.

ოპოზიციის შეფასება

ზაალ უდუმაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „გუშინ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც იყო ძალიან შეშინებული და როგორც მივხვდით, ყველაზე მეტად მას ეშინია ხალხის პროტესტის და ხალხის ხმამაღალი განცხადებების“.

გიგა ბოკერია -ევროპული საქართველო: „გუშინდელ ინტერვიუზე მე რაც გამახსენდა არის ის, რომ ზოგჯერ გვაჩვენებენ არქივის ჩანაწერებს საბჭოთა პერიოდის სიუჟეტების ქრონიკის ინტერვიუებს საბჭოთა ლიდერების, როგორი ეგზოტიკური, მაგრამ შავბნელი დრო იყო, თან სასაცილო, თან ტრაგიკული. აი, ამ სამარცხვინო ინტერვიუს ლალიაშვილის ივანიშვილთან, წლები გავა და ჩვენ გვანახებენ, ოღონდ კომუნიზმს კი არ ვადარებ, ის საოცარი ბოროტება იყო კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ გვანახებენ, როგორც ეგზოტიკურ მაგალითს, რა სამარცხვინო მდგომარეობა იყო საქართველოში რაღაც პერიოდის წინ. გაგვეცინება და თან ვიტყვით – აი, როგორი საფრთხის წინაშე ვიყავითო“.

ლევან კობერიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ეს არ იყო ხედვითი ლიდერის ინტერვიუ, რომელიც ხელისუფლებაშია და რომელიც საუბრობს იმაზე, ქვეყანა, მოსახლეობა საით უნდა წავიდეს და განვითარდეს. ძალიან მოკლედ, რომ შევაფასოთ, ჩემთვის პირადად ეკონომიკური ნაწილი იყო [მნიშვნელოვანი] და ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოვისმინე. ნუ გექნებათ დიდი ოპტიმიზმის იმედი, მაგრამ მაქსიმუმ, რასაც გაგიკეთებთ სახელმწიფო იქნება ის, რომ ვისაც გინდათ კარგად ცხოვრება ჩვენ დაგეხმარებით იმაში, რომ ქვეყნიდან გახვიდეთ და წარმატებულ ქვეყნებში შეგიწყოთ ხელი ლეგალურად იმუშაოთო. ჩემი აზრით, ამაზე დიდი დემოტივაცია საკუთარი მოსახლეობის არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილმა ილაპარაკა მხოლოდ ქართულ ოცნებაზე და ნაციონალურ მოძრაობაზე“.

შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია: „გუშინ ქვეყნიერებამ კიდევ ერთხელ იხილა გაკოტრებული, არაადეკვატური, წონასწორობადაკარგული დიქტატორის ე.წ. გამოსვლა, საიდანაც შეიძლება გავაკეთოთ ერთადერთი დასკვნა ამ ხელისუფლებას წასვლის გარდა არაფერი უშველის, მათგან არაფერი გამოვა. ამიტომ, მათ შეუძლიათ ერთადერთი რამ პროპორციული არჩევნები და კარის გახურვა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)