Site icon Civil.ge

ოცნებიდან გასული დეპუტატები პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნიან

ახლად შექმნილი ფრაქცია - "დამოუკიდებელი დეპუტატები". ფოტო: facebook.com/levan.koberidze

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან სხვადასხვა დროს გასული ექვსი დეპუტატი, მათ შორის, მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და კობა ნარჩემაშვილი, პარლამენტში ახალ ფრაქციას – „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ქმნის.

ფრაქციის თავმჯდომარე იქნება მარიამ ჯაში, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი 14 ნოემბერს პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ თავისივე საკონსტიტუციო ინიციატივა ჩააგდო.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ლევან კობერიძე დაიკავებს, რომელმაც ქართული ოცნების ფრაქცია 2019 წლის მაისში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ირგვლივ უთახმოების გამო დატოვა.

ფრაქციის მდივანი კი, გედევან ფოფხაძე გახდება, რომელმაც ქართული ოცნება 2019 წლის თებერვალში იმ მოტივით დატოვა, რომ მმართველ გუნდში მას განსხვავებული ხედვის საჯაროდ გამოხატვას უზღუდავდნენ.

„ჩვენი მიზანია საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ფრაქციის შექმნის ამოცანაა მომდევნო 10 თვის მანძილზე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის კონსტრუქციული თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა“, – დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ და იქვე განმარტა, რომ „ფრაქცია ღიაა სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან სათანამშრომლოდ“.

მან ასევე განმარტა, რომ „ფრაქცია არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებს“.

ახალი ფრაქციის პრიორიტეტებს შორის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, დევნილების სოციალური მხარდაჭერა, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია და სიღარიბის დაძლევა იქნება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ფრაქციამ, საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად, რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ამისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ ბიურო მას, მოტივირებული გადაწყვეტილებით, რეგისტრაციაზე უარს არ ეტყვის.

საპარლამენტო ფრაქციები, რომელთა შესაქმნელადაც სულ ცოტა ექვსი დეპუტატია საჭირო, გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ, მათ შორის ადგილით და ხმის უფლებით პარლამენტის ბიუროზე, გარანტირებული ადგილებით კომიტეტებში, საგამოძიებო, სპეციალურ კომისიებში და საპარლამენტო დელეგაციებში, ასევე მეტი დროის უფლებით პარლამენტში დებატების და განხილვების დროს.

14 ნოემბერის მდგომარეობით, პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამდე, საქართველოს პარლამენტი ფაქტობრივად 148 დეპუტატისგან შედგებოდა, საიდანაც 104 დეპუტატი გაერთიანებული იყო ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში, 19 დეპუტატი ევროპული საქართველოს სამ ფრაქციაში შედიოდა, შვიდ-შვიდი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობისა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქციებს ჰყავდათ, ხოლო 11 დეპუტატი არცერთ ფრაქციას არ მიეკუთვნებოდა.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა 12 დეპუტატმა დატოვა.

14 ნოემბერს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების ნაწილი, მათ შორის, ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებდა, რომ ახალი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას განიხილავდა.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ რეგისტრაციის შემთხვევაში, პარლამენტში ფრაქციებს მიღმა კიდევ 27 დეპუტატი დარჩება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)