საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ნოემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას შეწყალების ახალი წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტთან და იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაციით შეიმუშავა.
შეწყალების ახალი წესი მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის კრიტერიუმებს და პროცედურებს ახლებურად განსაზღვრავს და განსხვავდება წინა პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დამტკიცებული რეგულაციისგან, რომელიც 2014 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 26 ნოემბრამდე მოქმედებდა.
შეწყალების სადავო აქტების გამო კრიტიკის ფონზე, 18 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 20 სექტემბერს კი, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოში განხორციელებული შეწყალების საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.
შეწყალების პრინციპები
წინა რეგულაციისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 ნოემბერს გამოცემული ბრძანებულება მკაფიოდ განსაზღვრავს შეწყალების პრინციპებს.
ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ „პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს“. იქვე აღნიშნულია, რომ შეწყალება, რომელიც პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, „როგორც წესი, გამოიყენება გამონაკლისის სახით“.
ახალი რეგულაციის დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ამ პრინციპების დანერგვა „შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს“, რადგან პრეზიდენტი უფლებამოსილებას მხოლოდ „განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში“ გამოიყენებს.
ძველი რეგულაციისგან განსხვავებით, შეწყალების ახალ წესში ასევე განისაზღვრა, რომ მსჯავრდებულის შეწყალებამდე, პრეზიდენტი, პატიმრის ჯანმრთელობის და ოჯახურ მდგომარეობასთან ერთად, მხედველობაში მიიღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივს და მიყენებულ ზიანს. ის ასევე ყურადღებას მიაქცევს იმას, შეიცავდა თუ არა ჩადენილი დანაშაული „განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საშიშროებას“, იყო თუ არ დანაშაული ჩადენილი ოჯახის წევრის ან ბავშვის მიმართ, ჰქონდა თუ არა ადგილი მსჯავრდებულის მხრიდან წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, ასევე – იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი სამართალდამცველის მიმართ.
შეწყალების კრიტერიუმები
მარგველაშვილის დროინდელი რეგულაციასთან შედარებით, შეწყალების ახალი წესი ამკაცრებს მიდგომებს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ.
მაგალითად, ახალი წესით, პატიმრებს, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა უვადოდ აქვთ მისჯილი, პრეზიდენტისათვის შეწყალების განცხადებით მიმართვის უფლება საპატიმროში 20 წლის გატარების შემდეგ ეძლევათ. ძველი წესით კი, ეს ვადა 15 წლით განისაზღვრებოდა. გარდა ამისა, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა 5 წელზე მეტი ხნით აქვთ მისჯილი, შეწყალების მოთხოვნის უფლება სასჯელის 2/3-ის მოხდის შემდეგ შეეძლებათ. ძველი რეგულაციით, ამ კატეგორიის პატიმრებს შეწყალების მოთხოვნის უფლება სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ ეძლეოდათ.
სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების წესიდან ის საშეღავათო პირობებიც ამოიღო, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არაძალადობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულებისთვის 2018 წლის თებერვალში დააწესა. ამ შეღავათების თანახმად, არაძალადობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს აღარ მოეთხოვებოდათ სასჯელის გარკვეული ნაწილის მოხდა იმისათვის, რომ პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვის უფლება მოიპოვებინათ. ეს ძირითადად ეხებოდა ნარკოტიკების მოხმარებისათვის გასამართლებულ პირებს, აგრეთვე იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პირველად ჰქონდათ ჩადენილი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, ან სამოხელეო, სამეწარმეო, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაული.
შეწყალების ახალი წესიდან გაქრა ის მცირე შეღავათიც, რომელიც შეწყალების განცხადების წარდგენის ვადას ეხებოდა. კერძოდ, ძველი რეგულაციით, პატიმარს შეეძლო არ დალოდებოდა აუცილებლად მოსახდელი სასჯელის ვადის ბოლომდე ამოწურვას და შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ვადის ამოწურვამდე მცირე ხნით ადრე შეეტანა. ახალი წესით კი, პატიმრებს ეს უფლება ჩამოერთვათ. ამასთან ერთად, ახალი ბრძანებულების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური სახელმწიფოს მეთაურს მიაწვდის ინფორმაციას იმ მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ, თუმცა დადგენილ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა მიმართ კრიტერიუმების გამკაცრების პარალელურად, სალომე ზურაბიშვილმა შეარბილა მიდგომა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა მიმართ. კერძოდ, თუ ძველი რეგულაციით მათ შეწყალების თხოვნის უფლება სასჯელის 1/3-ის მოხდის შემდეგ ეძელოდათ, ახალი წესით, ეს უფლება სასჯელის 1/4-ის მოხდის შემხთვევაში მიეცემათ.
შეწყალების პროცედურა
ისევე როგორც პრეზიდენტ მარგველაშვილის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილიც იტოვებს უფლებას, მსჯავრდებული თავისივე რეგულაციის გვერდის ავლით შეიწყალოს, თუმცა, თუ მარგველაშვილი პატიმართა განცხადებების განხილვას სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ შეწყალების კომისიას ანდობდა და გადაწყვეტილებას კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იღებდა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების შესახებ განცხადებებს თავად განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი, „საჭიროების შემთხვევაში“, კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა ან დარგის სპეციალისტებთან გაივლის.
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელშიც შეტანილი იქნება „სრული ინფორმაცია შეწყალების მსურველი თითოეული მსჯავრდებულის შესახებ, აგრეთვე შეწყალების საკითხზე მის მიმართ გამოტანილი საბოლოო
გადაწყვეტილება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)