Site icon Civil.ge

ცხინვალმა ახალგორელებისთვის დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა შეარბილა

ე.წ. უშიშროების საბჭომ 2 დეკემბერს სხდომა გამართა ცხინვალში. ფოტო: presidentruo.org

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი, რომლებსაც არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და არც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვთ და ისეთი სამედიცინო დახმარების მიღებას საჭიროებენ, რასაც ცხინვალი ვერ უზრუნველყოფს, შეძლებენ ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას და მკურნალობას.

ეს გადაწყვეტილება ცხინვალის მიერ რაზდახანის გამშვები პუნქტის ჩაკეტვიდან თითქმის სამი თვის თავზე მიიღეს „უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე, რომელიც დღეს, ოკუპირებული რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის თავმჯდომარეობით გაიმართა.

ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ „შეიქმნება პირობები“, რათა ახალგორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და არც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვთ, შეეძლოთ პენსიის მიღება, ვიდრე მათ აღრიცხვაზე „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპენსიო ფონდში“ აიყვანენ.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები, მათ შორის, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მახლობლად მდებარეობს, სექტემბრის დასაწყისში ჩაკეტა და მიზეზად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის სოფელ წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსება დაასახელა.

აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული, ცხინვალის, მოსკოვის და თბილისის წარმომადგებლებმა შვიდი ტექნიკური შეხვედრა გამართეს სადავო საგუშაგოს საკითხის განხვილვის მიზნით, თუმცა რაიმე პროგრესს ვერ მიაღწიეს.

ამასობაში, დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებულ ცხინვალის რეგიონში, უპირველესად კი, ახალგორის მუნიციპალიტეტში ჰუმანიტარული ვითარება დამძიმდა.

28 ოქტომბერს, მარგო მარტიაშვილი, რომელსაც თბილისის კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრეს, სამედიცინო მომსახურების მისაღებად ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც სავარაუდოდ ინსულტით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისმა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ცხინვალს გამშვები პუნქტების გახნის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)