ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც 8 სექტემბერს გამართული „არჩევნების“ შედეგად რეგიონის ხელმძღვანელის პოსტს მეორე ვადით იკავებს, 2 დეკემებრს შინაგან საქმეთა მინისტრი გარი არშბა და გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა, ასევე მათი პირველი მოადგილეები თანამდებობებიდან გადააყენა.
სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელთა გათავისუფლება მოჰყვა 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში, რესტორან „სან-რემოში“ მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ორი პირი, სავარაუდოდ კრიმინალური ავტორიტეტები – ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა ემსხვერპლა, კიდევ სამი პირი კი – დაიჭრა.
ხაჯიმბამ იმავე დღეს გამართულ „უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე აღნიშნული მკვლელობის და ნოემბრის თვეში აფხაზეთში მომხდარი სხვა მძიმე დანაშაულების უმოკლეს ვადებში გახსნა და დამნაშავეთა დაკავება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
2 დეკემბერს კი, მოკლულთა ნათესავები, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, სოხუმში მიტინგზე შეიკრიბნენ. მათი ნაწილი მინისტრს მკვლელობის დაგემვაში მონაწილეობასა და დამნაშავეთა მფარველობაში ადანაშაულებდა. გარი არშბამ ეს ბრალდება უარყო.
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან თათბირზე, რომელიც სოხუმში საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა და რომელსაც „ვიცე-პრეზიდენტი“ ასლან ბარციცი, „პარლამენტის – ეროვნული კრების“ სპიკერი ვალერი კვარჩია და „პრემიერ-მინისტრი“ ვალერი ბგანბაც ესწრებოდნენ, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ „უშიშროების საბჭოს [22 ნოემბრის] სხდომაზე დანაშაულების გახსნისთვის ვადები განისაზღვრა“. „შედეგი, რომელიც გვაქვს, მოითხოვს ჩემგან, რომ მივიღო გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომისა და გენერალური პროკურორის გათავისუფლების თაობაზე ეროვნული კრებისათვის წარდგინებით მიმართვის შესახებ“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
იმავე დღეს, სოხუმში „ეროვნული კრების“ რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხაჯიმბას წარდგინებას გენერალური პროკურორისა და მისი პირველი მოადგილის გათავისუფლების შესახებ. დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე 27 ნოემბერსაც იყვნენ შეკრებილი, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები კოორდინაციის სისუსტის გამო მკაცრად გააკრიტიკეს და დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება მოსთხოვეს.
2 დეკემბერს, ხაჯიმბამ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს ლევან კვარაცხელიას დააკისრა.
ახალი გენერალური პროკურორის კანდიდატურა, რომელიც „ეროვნულმა კრებამ“ უნდა დაამტკიცოს, ჯერ ცნობილი არაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)