საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა დღეს არხის ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ, რომელიც ამ პოსტზე 22 ნოემბერს იქნა არჩეული, საპროტესტო აქცია გამართეს. ჟურნალისტებმა გიორგი კოხრეიძე „შანტაჟსა“ და „თვალთვალში“ დაადანაშაულეს და მისგან „თანამშრომლებზე თავდასხმის, დისკრედიტაციისა“ და „დაუსაბუთებელი ბრალდებების“ შეწყვეტა მოითხოვეს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა განმარტებით, მაუწყებლის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ, რაც დაახლოებით შვიდი თვის წინ, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდა, თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მართვის სადავეები ხელისუფლების ხელში არ აღმოჩენილიყო და სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე არ შექმნოდა.
თუმცა, მათივე განცხადებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში ქართული ოცნების მიერ ნომინირებული წევრების მხარდაჭერით არჩეული ახალი დირექტორი პირველ რიგში სარედაქციო პოლიტიკის გადახედვას შეეცადა და მის მოადგილეს ნათია ზოიძეს, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა.
„ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და სპექტაკლების დადგმაში დაადანაშაულა. გვითხრა რომ ვართ მიკერძოებულები, არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს“, – აცხადებენ აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები და მრჩეველთა საბჭოს იმ წევრებს, ვინც ახალ დირექტორს ნდობა გამოუცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესების მიმართ პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდებენ.
ტელევიზიის ახალი დირექტორისგან ბოდიშის მოხდა გუშინ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდმაც მოითხოვა. მათი თქმით, 3 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე გიორგი კოხრეიძემ ისინი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა, თუმცა შეფასებას არგუმენტირებული დასაბუთება ვერ მოაყოლა.
ამასთან, მათივე თქმით, კოხრეიძის პრეტენზია გადაცემის გუნდის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ მასალას ეხებოდა, რომელშიც აჭარის ტელევიზიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ თანამშრომელთა ნაწილისა და დირექტორის შეფასებები იყო მოცემული. „ჰეშთეგის“ გუნდის განმარტებით, ახალმა დირექტორმა მისი კომენტარის ჩაწერი ადგილი და ფონიც დაიწუნა. „მსგავსი საკითხების განხილვა და დაწუნება სცდება დირექტორის კომპეტენციას“, – აცხადებენ ისინი.
ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ, მაუწყებელში „ცენზურის“ საფრთხეებზე ორი დღის წინ Facebook-ის საკუთარ გვერდზე „აჭარის ტელევიზიის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თეონა ბაკურიძემაც დაწერა.
აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მიმდინარე წლის აპრილში, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აწ უკვე ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. კაპანაძეს თანამდებობა ვადის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დაატოვებინეს.
მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და ეს პროცესი „მკვეთრად უარყოფითად“ შეაფასეს. ისინი განმარტავდნენ, რომ მმართველ გუნდს მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდა და დირექტორის იმპიჩმენტი სწორედ აღნიშნულის საპირისპირო ტენდენციით ჩანაცვლებას ემსახურებოდა.
აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის დამოკიდებულება არჩევის დღესვე გახდა ცნობილი. თავდაპირველად მან გასაუბრებაზე თქვა, რომ ჟურნალისტებმა მოთმინება უნდა ისწავლონ. იმავე დღეს, აჭარის ტელევიზიის საღამოს ეთერში სტუმრობისას კი, მან წამყვანს უთხრა, რომ თუკი რესპონდენტი კონკრეტული ტელევიზიის ეთერში სტუმრობაზე უარს ამბობს, ეს არა სტუმრის, არამედ თავად მაუწყებლის ბრალია.
საუბარი იყო მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ დასმული კრიტიკული კითხვების გამო უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდნენ. მათ შორის იყო ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)