საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ჰააგას სტუმრობს, 2 დეკემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-18 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
წულუკიანმა აღნიშნა თავის გამოსვლაში, რომ 11 წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომლის დროსაც „საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა განხორციელდა, ხოლო სამოქალაქო და სამხედრო პირები სხვადასხვა სამხედრო დანაშაულებს შეეწირნენ“, ქართულ საზოგადოებაში „ძლიერი კონსენსუსი“ და „მაღალი მოლოდინები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალური პროგრესი იქნება მიღწეული“ ჰააგის სასამართლოს მიერ ამ დანაშაულების გამოძიებაში.
- აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე არასამთავრობოები ხელისუფლებას და ICC-ის მიმართავენ
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – მითები და გამოწვევები საქართველოს კონტექსტში
„როგორც რომის სტატუტის პასუხისმგებლიანი წევრი, ჩვენ გვჯერა ძლიერი და ეფექტური სასამართლო სისტემის, რომელიც ყველაზე მძიმე საერთაშორისო დანაშაულებს განიხილავს როგორც საქართველოს გამოძიების კონტექსტში, ისე მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა წულუკიანმა და იმედი გამოთქვა, რომ „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ მიუკერძოებელ გამოძიებას ხელშესახები შედეგები მოყვება საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელების საქმეში“.
იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექვსი მოსამართლის არჩევა „გადამწყვეტი მომენტი იქნება სასამართლოსთვის მომდევნო წლებში“. „როგორც სასამართლოს დამფუძნებელ წევრს, საქართველოს ოცწლიანი თანამშრომლობა, ხედვა და მგრძნობელობა აქვს საერთაშორისო სამართლის მიმართ“, – განაცხადა წულუკიანმა.
„ამიტომაც“, – განაგრძო მან, „საქართველომ გადაწყვიტა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელოს და მოსამართლის საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს 2020 წელს“. იუსტიციის მინისტრის თქმით, რომის სტატუტის და მოსამართლეთა შერჩევის და წარდგენის რეზოლუციის შესაბამისად, მაღალკვალიფიციური კანდიდატი შეირჩევა ეროვნული პროცედურების გზით.
„ვისარგებლებ მოცემული შესაძლებლობით და ვთხოვ ყველა დელეგაციას მხარი დაუჭირონ საქართველოს და მის კანდიდატს… საქართველო იმსახურებს, რომ წარმოდგენილი იყოს სასამართლოში, პირველ რიგში, იმისთვის, რაც გააკეთა და ასევე იმისთვის, რისი გაკეთებაც შეუძლია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში“, – დასძინა წულუკიანმა.
ჰააგაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ICC-ის პრეზიდენტს ებოი ოსუჯის და პროკურორ ფატუ ბენსუდასაც შეხვდა.
ასევე წაიკითხეთ:
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)