გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 12 დეკემბერი, N282
სახალხო გვარდია
დღეს, საქართველოს დემოკრატია მეორეც დღესასწაულობს სახელოვან სახალხო გვარდიის დღეს.
დღეს საქართველოს მთელი მშრომელი ხალხი ზეიმობს თავის გამარჯვებას და ბრწყინვალედ შეჰყურებს მომავალს.
სახალხო გვარდია – ეს თავისუფლების გამარჯვების სიმბოლოა.
სახალხო გვარდია – ეს რევოლუციის მონაპოვართა ფხიზელი დარაჯია.
საქართველოს რესპუბლიკა – ეს სახალხო გვარდიის სისხლით და ოფლით ანაშენია.
სახალხო გვარდია – ეს რევოლუციონერთა და გმირთა თაიგულია, რომელსაც ფაქიზათ და მოწიწებით ეპყრობა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლება, დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახალხო გვარდია „მშრომელთა ბაღჩაში მაშინ ჰყვავდა, როდესაც ქვეყანას პატრონი არ ჰყავდა“. ეს ის დრო იყო, როდესაც კავკასიის ფრონტზე ბოლშევიზმმა მოსწამლა რუსის ფარაჯში გახვეული გლეხები და გახრწნილი ფრონტი იშლებოდა, იმ დროს, როდესაც ფრონტიდან დაბრუნებული მტაცებლური ინსტიქტით გაჟღენთილ ჯარისკაცებს სურდათ ტფილისის განადგურება, მათ წინააღუდგა წითელი გვარდია და მათ კომუნისტურ სურვილებს ფრთები შეაკვეცა.
12 დეკემბერს, 1917 წელს (ძველი სტილით 29 ნოემბერს) არსენალთან ერთი მეორეს დაეტაკა ორი სხვა და სხვა იდეების მატარებელი ძალა.
12 დეკემბერს, რევოლუციის და თავისუფლების იდეის მატარებელმა ძალამ – წითელმა გვარდიამ სძლია 0 გაიმარჯვა. ამ დღეს მუშათა შვილებმა აიღეს არსენალი, სადაც გამაგრებული იყვნენ ბოლშევიკი ჯარისკაცები.
12 დეკემბერის, ისტორიული დატაა ამიერკავკასიის მუშათა ცხოვრებაში.
12 დეკემბერს, წითელმა გვარდიამ სასტიკი მახვილი ჩასცა გულში პირდაღებულ ანარქიას და მის მესვეურებს ამაყათ ჩასძახა: „ შესდექით! შორს თქვენი ბინძური, სისხლიანი ხელები“.
რაც, რაც იხსენიებს საქართველოს დემოკრატია ასე თბილათ, ასე ნაზათ და აღსავსე სიყვარულით წითელ გვარდიელებს? – ამაზე პასუხს იძულება ის თავგანწირვა და უმანკო სისხლი, რომელიც დაიღვარა ჩოლოქში, ბათუმის მიდამოებში, სომხებთან ომის დროს, ცხინვალში, ახალციხე-ახალქალაქში და სხვაგან. სახალხო გვარდიას კარგათ აქვს შეგნებული, რომ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა დიდი ბრძოლით ტანჯვით არის მოპოვებული, მასში ისახება ყოველივე ის, რაც დიდმა რევოლუციამ მისცა ჩვენს ხალხს, დემოკრატიული რესპუბლიკა ეს რევოლუციონური იდეების მატარებელია. აი რისთვის იბრძვის სახალხო გვარდია. და ჩვენ სახალხო გვარდიის ორი წლის ისტორიის გათვალისწინებით შეგვიძლია სიამოვნებით და თან სიამაყით ავღნიშნოთ, რომა რც ერთ ბრძლაშ ჩვენი სახალხო გავრდია არ დამარცხებულა. ამის მიზეზი მისი იდეური სიმაღლეა, მორალური ძალათა სიძლიერე. მაგონდება შარშან, წლის თავზე, როდესაც ჩვენმა მთავრობის თავმჯდომარემ ბატონმა ნოე ჟორდანიამ რევოლუციონური დროშა ჩააბარა სახალხო გვარდიის ხელმძღვანელ გმირ ვალიკო ჯუღელს, მან შემდეგი სიტყვებით მიმართა მას: „ სახელოვანმა, სახალხო გვარდიამ ჩვენ აგვაცდინა ანარქიის საფრთხეს, შეგვინარჩუნა თავისუფლება, რევოლუცია და მე მწამს, რომ არც მომავალშ გადასცდება ის ერთხელ არჩეულ გზას და ამ დროშას ძირს არ დაახრისო“.
სახალხო გვარდიის მეორე წლის ისტორიამ ეს სიტყვები სავსებით გაამართლა.
დღეს ზეიმია…
დღეს გამარჯვების დღესასწაულია…