საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ორი ქვეყნის საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თაობაზე შეთანხმების მიღწევიდან ორი თვის შემდეგ, რაც ქართველი სასულიერო პირებისათვის აზერბაიჯანული მხრიდან სადავო მონასტრებზე წვდომის აღდგენას ითვალისწინებდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ დღეს „გულისტკივილით“ განაცხადა, რომ კომპლექსში შემავალ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტერთა საკითხი „კვლავ გადაუჭრელად რჩება“.
„ჩვენ კვლავაც მოთმინებით ველოდებით არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
„იმედი გვაქვს, ჩვენს ერებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლობის ტრადიცია თავის დადებით შედეგს გამოიღებს და მშვიდობას ალტერნატივა არ ექნება“, – ვკითხულობთ იქვე.
საპატრიარქომ ასევე უარყო ბოლო დროს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფში გაჩენილი იდეა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადავო საზღვრის საკითხი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისათვის სპეციალური სტატუსის, მაგალითად, დაცული ტერიტორიის სტატუსის, მინიჭებით გადაიჭრას.
„ამგვარი მოდელი შეიძლება დადებითად აღქმული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხთან მიმართებაში ისტორიულად, კულტურულად, იურიდიულად და კარტოგრაფიულად იქნებოდა ბუნდოვანება. უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან დაკავშირებით კი, არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიაში მსგავსი პრობლემა არ არის“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
საპატრიარქოში მიიჩნევებენ, რომ ამ წინადადების შეთავაზებით „აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭქვეშ ვაყენებთ“, ამიტომაც, „საქართევლოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)