Site icon Civil.ge

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტის პლენარული სხდომა. ფოტო: facebook.com/parliamentgeo

საქართველოს პარლამენტმა 10 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე, 83 ხმით ერთის წინააღმდეგ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა.

დეპუტატებს ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააცნო.

„2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს, ასევე ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები – ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები განხილვას არ ესწრებოდნენ, რადგან თითქმის ერთი თვეა  პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.

საბოლოო დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 14.55 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც 510 მლნ ლარით აჭარბებს ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტს, და 1.6 მლრდ ლარით  აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

2020 წელს საგადასახადო შემოსავლების სახით, მთავრობა 10.46 მლრდ ლარის მობილიზებას გეგმავს, გრანტების სახით მისაღები შემოსავალი – 241 მლნ ლარით, სხვა შემოსავლები კი, 520 მლნ ლარით განისაზღვრება. მთავრობა, პრივატიზების შედეგად, 130 მლნ ლარის მიღებას ვარაუდობს. გარდა ამისა, შემოსულობების ნაწილში, საშინაო ვალდებულებების სახით – 1.2 მლრდ ლარის (პროექტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით 300 მლნ ლარით მეტი, რაც ქვეყანაში ფინანსური რეზერვების შექმნას უკავშირდება), საგარეო კრედიტების სახით კი – 1.87 მლრდ ლარის მოზიდვა იგეგმება.

მომავალი წლის ბიუჯეტში, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.5%-ით განისაზღვრება, რაც 2019 წლის მაჩვენებლის იდენტურია. ამასთან, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო ჩადებული, თუმცა ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, 0.5 პროცენტული პუნქტით მაჩვენებლის შემცირება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში დაკორექტირდა ინფლაციის მაჩვენებელიც, რომელიც თავდაპირველი 3%-ის ნაცვლად 3.5%-ით განისაზღვრება.

მომავალი წლის ბიუჯეტში, საბიუჯეტო ასიგნებები ჯამში 14.32 მლრდ ლარით განისაზღვრება, რაც პროექტის თავდაპირველ ვარიანტს 221 მლნ ლარით აჭარბებს, 2019 წლის მაჩვენებელს კი 1.12 მლრდ ლარით აღემატება. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების, ასევე ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა.

სამინისტროებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს შორის საბიუჯეტო ასიგნებები შემდეგნაირად ნაწილდება:

2019 წელთან შედარებით, 1.6 მლნ ლარით იზრდება სახალხო დამცველის დაფინანსება, რომელიც 8 მლნ ლარს შეადგენს. თანხები გათვალისწინებულია ომბუდსმენის ოფისის მშენებლობის დაწყებისათვის.

2019 წელთან შედარებით, 3.6 მლნ ლარით მეტს მიიღებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლისთვისაც სულ 8 მლნ ლარია გამოყოფილი. ზრდა უკავშირდება 2019 წლიდან ინსპექტორის სამსახურისთვის მანდატის გაფართოებას, რაც ამ უწყების მიერ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას გულისხმობს.

2019 წელთან შედარებით, უცვლელი – 64.7 მლნ ლარი დარჩა პარლამენტის დაფინანასება. ასევე უცვლელი დარჩა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებაც, რომელიც 6 მლნ ლარს შეადგენს.

2019 წელთან შედარებით, 0.3 მლნ ლარით მცირდება მთავრობის ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი თანხები, რომელიც 16.5 მლნ ლარით განისაზღვრება. უცვლელი რჩება მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომელიც, წინა წლის მსგავსად, 2020 წელსაც 50 მლნ ლარს შეადგენს.

2019 წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ – 100 ათასი ლარით იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება, რომელიც 2020 წელს  4.25 მლნ ლარს შეადგენს. უზენაესი სასამართლოსთვის კი 2019 წელთან შედებით 2.5 მლნ მეტია გამოყოფილი და მისი დაფინანსება 12 მლნ ლარს მიაღწევს. 2019 წელთან შედარებით, 6.6 მლნ ლარით იზრდება საერთო სასამართლოების დაფინანასება, რომელიც კი 82.5 მლნ ლარით განისაზღვრება.

მომავალ წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიუჯეტიდან 72.6 მლნ ლარს მიიღებს, აქედან თითქმის 44.8 მლნ ლარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებას მოხმარდება.

2019 წელთან შედარებით, 10.5 მლნ ლარით, ხოლო თავდაპირველ პროექტთან შედარებით, 5.9 მლნ ლარით იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, რომელიც 2020 წელს 68.7 მლნ ლარს მიაღწევს.

წინა წლის მსგავსად, 2020 წლის ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარს მიიღებს საქართველოს საპატრიარქო.

მთავრობა 1.02 მლრდ ლარს ვალების გასტუმრებაზე მიმართავს, საიდანაც 978.9 მლნ ლარი საგარეო ვალის დაფინანსებას, 44 მლნ ლარი კი, საშინაო ვალის დაფინანსებას მოხმარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)