Site icon Civil.ge

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

ნიკა მელია, ფოტო: კადრი საქართველოს პარლამენტის ვიდეოდან

88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.

გადაწყვეტილების მისაღებად 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.

პარლამენტის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტას უკვე გამოეხმაურა თავად ნიკა მელია და თქვა, რომ „ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა“. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენებთან მიმართებით მისი ზრახვები სისრულეში ვერ მოიყვანა და ის ვერ დააპატიმრა, მის წინააღმდეგ „უსაფუძვლო, თითიდან გამოწოვილი“ და „თაროზე შემოდებული“ საქმე გამოიყენეს.

ნიკა მელიასვე თქმით, ამ საქმეზეც, ამავე სასამართლოს პირობებში მძიმე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაც კი შეუძლებელი იყო და მას უბრალოდ ჯარიმა დააკისრეს, რის საფუძველზეც უკვე დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

„[ივანიშვილს] შემორჩა 88 დეპუტატი, რომლებიც ერთად რომ შეაჯამო და გამოადნო, ერთი კვალიფიციური დეპუტატი არ გამოვა. ისინი ბიძინა ივანიშვილს იმიტომ ემსახურებიან, რომ ფული იშოვონ. დაჩი ბერიაიები და მურუსიძე-ჩინჩალაძეები მართავენ დღეს ქვეყანას“, – თქვა აწ უკვე ყოფილმა დეპუტატმა.

მელიას განმარტებით, მისთვის დეპუტატის მანდატის მოხსნა არაფერს ცვლის და პირიქით, ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კიდევ უფრო მეტი ენერგიით, ენთუზიაზმით და მოტივაციით“ გააკეთებს იმას, რასაც 2014 წლიდან აკეთებდა. მისივე განცხადებით ივანიშვილმა ქვეყანა „უფსკრულისკენ წაიყვანა“ და „დღევანდელი სახელმწიფო ყარს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა იგი დაპატიმრებას, მელიამ უპასუხა: „ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი რამ უნდა და არაფერია გამორიცხული, თუმცა ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილად არის პრობლემა ყოველი დამატებითი პატიმარი და თუკი მე და ჩემი თანამებრძოლები ამ მიმართულებითაც შევუქმნით დამატებით პრობლემას კი ბატონო, ვიყოთ პატიმრები“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე დამნაშავედ 2 დეკემბერს ცნო და მას სასჯელის სახედ 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, მას ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოართვა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც იგი დამნაშავედ არის ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ამბობდა, რომ აჯობებდა, თუკი ქართული ოცნება მელიასთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღების დროს არ აჩქარდებოდა და ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებას დაელოდებოდა, მმართველმა გუნდმა საკითხი კენჭისყრაზე მაინც დააყენა.

ნიკა მელიას ბრალი კიდევ ერთ საქმეზე აქვს წარდგენილი. საგამოძიებო უწყება მას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ 25 ივნისს საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით მიმართა. 26 ივნისს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. 27 ივნისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა და პროკურატურას დეპუტატის გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოება დაავალა, რისთვისა მელიას სპეციალური სამაჯური დაუმაგრეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)