Site icon Civil.ge

მმართველი გუნდი და ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას აფასებენ

ფოტო: parliament.ge

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოში 14 მოსამართლის გამწესებას ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეფასებები მოჰყვა.

„სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „არჩევანი გავაკეთეთ იმ კანდიდატებზე, რომლებიც ოპტიმალური რაოდენობისთვის იყო საჭირო… მინიმუმ ამ ჩვენი გადაწყვეტილებით, როცა ავირჩიეთ 12 ახალი და ორი მოქმედი [მოსამართლე], ამით კომპლექტდება 2-2 კოლეგია თითო პალატაში, ეს არის მინიმალური რაოდენობა, რომ უზენაესმა სასამართლომ იმუშაოს გამართულად“.

ირაკლი კობახიძე – მმართველი გუნდის დეპუტატი: „ვფიქრობ, რომ თითოეულ კანდიდატზე მივიღეთ მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება… არავითარ კლანებზე აქ არ არის საუბარი. ჩვენ მივიღეთ ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას“. 

ოპოზიციის შეფასება

თინათინ ბოკუჩავა – ნაციონალური მოძრაობა: „უვადოდ გაამწესეს ისეთი სამარცხვინო მოსამართლეები, როგორებიც არიან გაბინაშვილი, გეწაძე, მიქაუტაძე, უდიპლომო და უვიცი შალვა თადუმაძე… გასაგებია, რა კრიტერიუმებითაც შეარჩიეს ეს მოსამართლეები, ეს არ არის კეთილსინდისიერების კრიტერიუმი, ეს არ არის კომპეტენციის კრიტერიუმი, რითიც ნორმალურ ქვეყნებში ირჩევენ ასეთ საპასუხისმგებლო პოსტებზე მოსამართლეებს. ეს არის უბრალოდ მონური მორჩილება იმისთვის, რომ, როდესაც ივანიშვილს დასჭირდება უზენაესი სასამართლო, ან არჩევნებთან დაკავშირებულ დავაზე… ან ნებისმიერ შემთხვევაში, ეყოლება მონებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო. ეს გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერეს თავის ბიოგრაფიაში და კიდევ ერთხელ საქართველოს დემოკრატიას მიაყენეს ზიანი… სამარცხვინო მოსამართლეების მხარდაჭერით… პროტესტი გაგრძელდება და ან გონს მოეგება [ივანიშვილი] და უკან წაიღებს შეურაცხყოფას, რაც მიაყენა საზოგადოებას, ან ამ პროტესტის და მისი სამარცხვინო მოქმედების შედეგად თვითონ მოარყევს თავის რეჟიმს“.

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი: „კლანმა გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ასევე – ქართული ოცნების უმრავლესობაზე. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური მარცხი, მაგრამ კიდევ უფრო დიდი – მორალური მარცხი“.

ლევან კობერიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ქართულმა ოცნებამ რეალურად ის მწამებელი რეჟიმის მოსამართლეები, რომლებიც „უპრავებდა“  და ლეგიტიმაციას აძლევდა ნაციონალური მოძრაობის უსამართლობას, დღეს ქართულმა ოცნებამ თავის სამსახურში ჩააყენა ოფიციალურად. ამიტომ ფასი, რასაც გადაიხდის ქართული ოცნება, ეს იქნება ხელისუფლების დაკარგვა 2020 წლის არჩევნებში. ქართულმა ოცნებამ დღეს ლეგიტიმაცია მისცა ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას, რომ ნებისმიერი ფორმით გამოხატოს მის მიმართ პროტესტი იმიტომ, რომ დღეიდან ქართული ოცნება აღარ არის ლეგიტიმური ძალა “.

ლევან გოგოჩაიშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ვინც სააკაშვილს რეჟიმს უქმნიდა, ის ხალხი დააბრუნეს უკან, რეჟიმი მოსამართლის გარეშე არ არსებობს… ადეიშვილის [იუსტიციის ყოფილი მინისტრი] მონები გადმოიბარა მმართველმა ძალამ – ქართულმა ოცნებამ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისთვისაც სამართლიანობა, თავისუფლება არის მთავარი, ქართულ ოცნებას ამის შემდეგ ხმას ვეღარ მისცემს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)