ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გიორგი გახარიასთვის 13 დეკემბერს გაგზავნილ წერილს, სადაც ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ დაპირების „უკუგდების“, ასევე „მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის“ გამო „მზარდ შეშფოთებას“ გამოთქვამენ, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები აფასებენ.
„სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდის შეფასება
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „კონგრესმენები გახლავან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენ მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში… რა თქმა უნდა, მასზე ჩვენი პოზიცია გვაქვს. არსებობს გარკვეული შეკითხვები, ჩვენ ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ. ეს არის სწორედ პოზიტიური თანამშრომლობის, პოზიტიური მეგობრობის ნაწილი. არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც უკვე გავლილია, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს… საქართველოს და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ის დონე, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ, არ გვქონია არასდროს. საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში. რაც უფრო მეტ შედეგებს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ… აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ჩვენ სრულად მივაწვდით რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო განხორციელებული სამართალდამცველი სისტემის მიერ. არასოდეს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ისე დაცული, ღია და ტრანსფარენტული არ ყოფილა, როგორც არის დღეს და ეს ფაქტია“.
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და სახელწიფო დეპარტამენტის, ასევე კონგრესის ოფიციალური პოზიციები და ასევე საინტერესოა, როგორც ჩვენი მეგობრების კონგრესმენების ცალკეული შეფასებებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც მეგობრების მოსაზრებას. ახლა საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და ჩვენი დელეგაცია უზრუნველყოფს ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას“.
დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩვენ გვექნება მათთან შესაბამისი კომუნიკაცია, მათი მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მესმის, რომ ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე, ამიტომ აუცილებელი არის, რომ მათ ჰქონდეთ ზუსტი, ადეკვატურში შეფასება“.
ოპოზიციის შეფასება
ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ეს წერილი არის ძალიან მწვავე განცხადება ჩვენი მეგობრებისგან. როდესაც ვაშინგტონში იყო ინტერპარტიული ჯგუფი, ჩვენ გუშინწინ დავბრუნდით, ზუსტად ეს გზავნილი გვქონდა ჩვენი მეგობრების მიმართ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს პროპორციული, თავისუფალი არჩევნების კუთხით და სწორედ ეს მთავარი აქცენტები და ნიშნულებია ამ წერილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი პოლიტიკური კრიზისისთვის“.
ელენე ხოშტარია – ევროპული საქართველო: „[ეს არის] პრაქტიკულად განგაშის ზარი ჩვენი მეგობრებისგან. უპირველეს ყოვლისა, თავად ის ფაქტი, რომ მეგობართა ჯგუფი კონგრესში იღებს გადაწყვეტილებას, რომ მისწეროს საქართველოს მთავრობას, იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიის თვალსაზრისით. ეს არის პრაქტიკულად გაფრთხილება საქართველოს მთავრობის და აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე პარტიის მხარდაჭერაზე ან რაღაც ჯგუფის მხარდაჭერაზე, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მეტს, პირდაპირ საუბრობენ კონგრესმენები ამაზე და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების [მხრიდან] იმ კრიზისში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს სერიოზული წითელი ბარათი და გაფრთხილება ჩვენი ხელისუფლების მიმართ“.
ლევან ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტია: „კონგრესმენების წერილში მთავარი არის სწორედ იმის აღნიშვნა, რომ ასობით ადამიანი ხელისუფლების მიერ სანქცირებული ძალადობით დაშავდა და პროპორციული არჩევნების უკან წაღება ეს არის მიუღებელი. პრაქტიკულად ეს არის მითითება, გაფრთხილება და მოთხოვნა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს კომისიის თანათავმჯდომარეები კონგრესში, ანუ ეს არ არის რომელიმე ერთი კონგრესმენის ან კონგრესმენთა ჯგუფის ან თუნდაც ერთი პარტიის პოზიცია. ეს პრაქტიკულად ამერიკის სახელისუფლებო [პოზიციის] გამოხატვა არის“.
მარიამ ჯაში – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“: „მსგავსი განცხადებები არის საყურადღებო, რომ შეცდომების მინიმალიზაცია მოხდეს, გაძლიერდეს სწორი კომუნიკაცია, რომ ზუსტი გზავნილები იყოს გაგზავნილი ვაშინგტონში. როდესაც შეერთებული შტატების კონგრესმენი აჟღერებს მსგავს განცხადებას, ბუნებრივია, ის იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ განცხადებაზე, ამდენად არ მაქვს საფუძველი რომ არ ვენდო“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)