18 დეკემბერს სოხუმში, რუსეთისა და აფხაზეთის „სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე“, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ვიტალი მუტკომ და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცეს, რომლის ფარგლებშიც მოსკოვი სოხუმს 4.5 მლრდ რუბლს (დაახლოებით 72 მლნ აშშ დოლარს) გამოუყოფს.
საინვესტიციო პროგრამით გამოყოფილი დაფინანსება საგზაო, ენერგეტიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას მოხმარდება.
„პროგრამა საკმაოდ დიდი და სერიოზულია“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა და აღნიშნა, რომ ის მიმართულია შეზღუდვების მოხსნასა და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებაზე. „ჩვენ შევთანხმდით, რომ შევიმუშავებთ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გარკვეულ პროგრამას, რათა მეტი შესაძლებლობა გავუხსნათ ერთობლივი ბიზნესის წარმოებას“, – აღნიშნა მან.
ვიტალი მუტკომ ისაუბრა სოხუმთან გაფორმებული სხვადასხვა ორმხრივი შეთანხმების შესრულებაზე, მათ შორის, ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციონირებაზეც, რომლის მიზანია რუსული და აფხაზური სტრუქტურების კოორდინაცია „ორგანიზებულ დანაშაულთან და სხვა სახიფათო დანაშაულებთან“ ბრძოლის საქმეში.
„იმედი მაქვს, საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მიმართულებით ჩვენი კოლეგები უფრო აქტიურად დაიწყებენ მუშაობას და 2020 წლიდან ამ ობიექტის დაფინანსება დაიწყება“, – აღნიშნა მან.
სოხუმის მიერ დამტკიცებული 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წელს საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების ფარგლებში, აფხაზეთს 1.6 მლრდ რუბლი (დაახლოებით 26 მლნ აშშ დოლარი) უნდა მიეღო. გარდა ამისა, მოსკოვს ოკუპირებული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაზე, ფინანსური დახმარების სახით, 2019 წელს გამოყოფილი ჰქონდა 2.79 მლრდ რუბლი (დაახლოებით 44.6 მლნ აშშ დოლარი).
ეს დაფინანსება მთლიანობაში რეგიონის ბიუჯეტის 57%-ს შეადგენს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)