ქართული ოცნების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ინიციატივის ჩაგდების შედეგად გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ქართული ოცნება ოპოზიციას მმართველ გუნდში „რთული პროცესების შედეგად“ მიღებულ „კომპრომისულ“ გადაწყვეტილებას – კვლავ შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და მაჟორიტარული მანდატების შემცირებას სთავაზობს.
„პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-დამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში იქნება 100 პროპორციული მანდატი , თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, – განაცხადა 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
თალაკვაძის განმარტებით, „სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა პოლიტიკური კრიზისების წყარო ხდება ისეთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი, [როგორიცაა] გერმანია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია და არაერთი სხვა მაღალგანვითარებული სახელმწიფო“. პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის მაგალითსაც იშველიებს, სადაც მისივე თქმით, „პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გამო ვერ ხდება მთავრობის ფორმირება“.
„ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის, პოლიტიკურ კლასში პოლარიზაციის ხარისხისა და კომპრომისების პოვნის ტრადიციის დეფიციტის გათვალისწინებით, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ნამდვილად ახლავს სახელისუფლებო კრიზისის და ქვეყნის დესტაბილიზაციის მაღალი რისკები“, – თქვა თალაკვაძემ და იქვე დასძინა, რომ „ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის საუკეთესო სწორედ შერეული საარჩევნო მოდელია“.
თალაკვაძისვე განმარტებით, „გუნდში მიღწეული კონსენსუსი“ არის არა ერთჯერადი და მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც და იგი „დემოკრატიული და დაბალანსებული სისტემით ჩატარების დაკანონებას“ ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საკითხის განხილვაში და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ჩართულობით კონსენსუსის მიღებას სთავაზობს, რათა „ამ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკური ვნებათაღელვა დასრულდეს“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)