Site icon Civil.ge

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი – ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

ფოტო: კადრი "რადიო თავისუფლების" ვიდეოდან

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟს ცოტნე გამსახურდიას, 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, საკუთარი სახლის სიახლოვეს თავს დაესხნენ და ბასრი საგნით თავის, ზურგის და გულმკერდის არეში დაზიანებები მიაყენეს.

მომხდარიდან მალევე იგი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს. ექიმების განმარტებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ამ დრომდე ძალიან მძიმეა.

შსს-მ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება თავდასხმის სავარაუდო ვერსიაზე არ საუბრობს, თუმცა გამსახურდიას ახლობლები მედიასთან საუბარში განმარტავენ, რომ ეს შესაძლოა, ბოლო დროს ხელისუფლების მიმართ მის კრიტიკულ აქტივობებს უკავშირდებოდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)