Site icon Civil.ge

აშშ-ის საელჩო რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ფოტო: facebook.com/usingeo/

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალგორის ე.წ. რაიონული სასამართლოს მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და „დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციაში არსებულ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ,“ ექიმის „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

საელჩო განმარტავს, რომ „აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ დღევანდელი განაჩენის ლეგიტიმურობას“.

„შეერთებული შტატები ამ სამწუხარო შემთხვევას აღიქვამს მორიგ სიმპტომად იმ უფრო დიდი პრობლემისა, რომელსაც ოკუპაცია და აგრესია ჰქვია“, – ნათქვამია საელჩოს მიერ 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ „ეს შემთხვევა სხვა დაკავებების ფონზე მოდა“. საელჩო რეგიონში „გაუარესებულ“ ჰუმანიტარულ სიტუაციაზეც მიუთითებს, რაც მისი განცხადებით, „საფრთხეს უქმნის“ და „მეტად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრებასა და ყოფაზე [გამყოფი ხაზის] ორივე მხარეს“.

ჩვენ ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც ამ კონკრეტულ და [უფრო] ზოგად საკითხებს ყველა შესაბამისი მხარის წინაშე ვაყენებთ“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ოკუპირებულ ახალგორთან, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, 20 დეკმებერს 1 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას უკვე მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სახალხო დამცველი კრიტიკული შეფასებები. ისინი ცხინვალს ექიმის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)