სოციალური ქსელის, Facebook-ის მიერ ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდების წაშლას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.
ამავე განცხადების თანახმად, გაუქმებული გვერდები თავს ახალი ამბების სააგენტოებად ასაღებდნენ და ოპოზიციისა და აქტივისთა ორგანიზაციების საქმიანობას აკრიტიკებდნენ. მათ რეკლამირებაში კი, 316 000 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა.
მმართველი გუნდის შეფასება
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ეს არ არის ექსკლუზიური ამბავი საქართველოსთვის, ასეთი რეაგირება Facebook-ის მხრიდან მუდმივად ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-შიც აქვს ადგილი იმავეს. [განცხადებაში] არის ნათქვამი, რომ ეს სუბიექტები ავრცელებდნენ ხელისუფლების მხარდამჭერ ინფორმაციას. Facebook-ი არის ღია სივრცე და ყველას აქვს ნანახი, რომ იქ არის ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი ინფორმაცია, დეზინფორმაცია, არის ხელისუფლების მხარდამჭერი ინფორმაციაც, ასე რომ, ეს ცალმხრივი ამბავი არ არის. მე არ გამოვრიცხავ, რომ ის სუბიექტები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ეწევიან, ბევრად მეტს ხარჯავენ ამაში. ყველაზე მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში და ეს მთავარი ტროლები დღეს დადიან თბილისში, აქციებზე გამოდიან, ტელევიზიებში სხედან ხშირ შემთხვევაში [გულისხმობს ოპოზიციას]“.
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „იმ ჯგუფთან, რომელზეც Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაშია ლაპარაკი, პარტია „ქართულ ოცნებას“ და მის მენეჯმენტს, არც ოფიციალურ (ფორმალურ) დონეზე და არც არაოფიციალურად, არანაირი ურთიერთობა არ აქვს. Facebook-მა საქართველოს გარდა გააუქმა აშშ-ს და ვიეტნამის არაავთენტური ანგარიშებიც. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოების დეზინფორმაციის პრევენციას მოახდენენ. იმის მიუხედავად, რომ მოცლილი ხალხისთვის (სხვა საქმე ვისაც არ აქვს) არაავთენტური ანგარიშების დარეპორტება და გაუქმება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, დღეს Facebook-ში ზეიმი აქვთ ნაცებს, მათ ბოტებს და ტროლებს, “ოცნების” ბოტები და ტროლები გააუქმესო. სინამდვილეში ,,ქართულ ოცნებას” ნაც.მოძრაობის და მისი სატელიტებისგან განსხვავებით, მხარს ბოტები და ვირტუალური ადამიანები კი არ უჭერენ, არამედ ნამდვილები. ნამდვილები, რომლებსაც ვერავინ ვერასდროს მოერევა და ვერავინ ვერასდროს გააუქმებს!“.
კახა კალაძე – ქართული ოცნების გენერალური მდივანი / თბილისის მერი: „არანაირი კავშირი და არანაირი დამოკიდებულება ამ „ექაუნთებთან“ [არ გვაქვს] და არც ვიცი საერთოდ რა „ექაუნთებზეა“ [ქართულად ნიშნავს „ანგარიშს“ – რედაქციის შენიშვნა.] საუბარი… ზოგადად, „ფეიკ ნიუსთან“ [ქართულად ნიშნავს „ყალბდ ამბავდ“ – რედაქციის შენიშვნა] დაკავშირებით, ამის მთავარი იდეოლოგები ვიცით, ჩვენ, რომელი პარტიაა და ამას ჰქვია ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები. რა თქმა უნდა, თუ ამის დარეგულირება შესაძლებელია და მოხერხდება, [მაგალითად] ევროპულ ქვეყნებში გარკვეული ცვლილებები იქნა განხორციელებული და შეგვიძლია გადმოვიტანოთ საუკეთესო მაგალითები“.
თეა წულუკიანი – „იუსტიციის მინისტრი / ვიცე-პრემიერი: „იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც საქართველოშია და ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი, სოციალურ ქსელს ყველა შეიძლება იყენებდეს იმისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები გააცნოს საზოგადობას. მაგალითად, მე ვყოფილვარ ოპოზიციის მხრიდან Facebook-ზე ამგვარი ტროლების მსხვერპლი. Facebook-ი კარგია, რომ ამაზე მუშაობს და ალბათ მომავალშიც დასჭირდება არა მხოლოდ საქართველოში, როგორც ჩვენ ვნახეთ აშშ-შიც და სხვა ქვეყნებშიც ამგვარი ანგარიშების გაკეთება… „ფეიკებთან“ და ტროლებთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია… დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებდა, რომ მთავარი ტროლები ქუჩაში არიან და ცდილობენ, ბოკერიები და სხვები და მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის, მოგყიდონ ტყუილი. ჯობია ეს გააშუქოთ და ამაზე ისაუბროთ“.
დავით ზალკალიანი – „საგარეო საქმეთა მინისტრი: „არამც და არამც არ ვადასტურებ [ხელისუფლების კავშირს გაუქმებულ ყალბ გვერდებთან], კატეგორიულად მიუღებელია ეს ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ოფიციალური საიტები, რომლითაც ხელისუფლება ახდენს კომუნიკაციას საზოგადოებასთან არის მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური საიტები. არც ხელისუფლებას და არც სახელისუფლებო პარტიას არ გააჩნია არანაირი ყალბი საიტი. Facebook-ისთვის რეპუტაციული პრობლემები არახალია. ჩვენ გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ, თავად Facebook-ს მოუწია გამოსვლა აშშ-ის კონგრესში და კონგრესმენების წინაშე ბევრი კითხვისთვის პასუხის გაცემა… ე.წ. „ფეიკ ნიუსებით“, პირიქით ხდებოდა ხელისუფლების დაბულინგება და დაშანტაჟება. მაშინ ობიექტური უნდა იყო: არ გაუქმებულა არცერთი ანგარიში საიდანაც ხდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ყალბი ინფორმაციის გავრცელება… ხელისუფლებას არაერთხელ გამოუხატავს პოზიცია, რომ აუცილებლად საჭიროა საკანონმდებლო დონეზე ინიციატივები და მზაობაც არის გამოთქმული, რომ ოპონენტებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში და საკანონმდებლო დონეზე იყოს ამ პრობლემასთან ბრძოლა“.
ოპოზიციის შეფასება
ზაალ უდუმაშვილი – ნაციონალური მოძრაობა: „ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოძიება იმ დღესვე დაიწყებოდა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, როცა [ხელისუფლება] ასე ხელოვნურად ცდილობს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, ხელოვნურად ცდილობს, რომ დააპირისპიროს საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ერთმანეთს და ასევე აღვივებს ანტიდასავლურ კამპანიას… მეორე საკითხია – საიდან ფინანსდებოდა ეს ტროლების ფაბრიკები. ის თანხა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, თითქმის მილიონი, რომელიც გადახდილია მხოლოდ რეკლამირებაში, ეს ხომ სულ შავი ფული იყო, რომელიც ირეცხებოდა ძირითადად ამ ე.წ. „პანდებში“?! მე ნაკლებად მაქვს იმის იმედი რომ, ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება ამის გამოძიება“.
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „ამხელა თანხებს ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხარჯავდნენ ჩვენი მტრის გაძლიერებისთვის და თავისუფალი სამყაროს, თავისუფლების იდეის დისკრედიტაციისთვის. ნორმალურ ვითარებაში ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება ერთი კაცის – ივანიშვილის მიერ. მან შეარჩია ეს სამარცხვინო პოლიტიკური სიბინძურის განსახიერება“.
შალვა შავგულიძე – თავისუფალი დემოკრატები: „ეს არ არის საქართველოს რეპუტაციის შელახვა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხილება. ის დიდი ხანი მალავდა მის პრორუსულ ორიენტაციას და უბრალოდ ვეღარ დამალა. ეს ბოლო მხილება, რაც Facebook-მა მოახდინა, უკვე მისი ტროლების პრორუსული მიმართულების მხილებაა. ივანიშვილისთვის უმჯობესია, რეალობას თვალი გაუსწოროს და უბრალოდ დაჰყვეს ქართველი ხალხის ნებას და მისცეს სამართლიანი არჩევნების უფლება“.
ანა ნაცვლიშვილი – პოლიტიკური მოძრაობა – ლელო: „ეს მოვლენა – ტროლებისა და ბოტების, ანუ სიცრუის მანქანის შექმნა და დაფინანსება ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დიდ პრობლემას, რომელშიც ჩაიძირა ჩვენი საზოგადოება: ეს არის სიყალბე, ტყუილი და სიმართლის შიში“.
დავით ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტია: „ეს ბოტები, ტროლები, მოკლედ, მთელი ეს ფაბრიკა, საბჭოთა პროპაგანდისტებიდან მოყოლებული, არის დღევანდელი ხელისუფლების არსენალში და ის ამაში ამხილა Facebook-მა“.
გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს: „ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ქართული ოცნება არის მთავარი იარაღი რუსეთის ხელში ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით. ისინი მანიპულირებენ სწორედ ინტერნეტრესურსებით, მანიპულირებენ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციებით და ძალადობენ მოსახლეობის ტვინებზე. ამით უნდათ, რომ ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკა გაავრცელონ აბსოლუტურად ყველგან. ფაქტობრივად, ის, რაც გააკეთა Facebook-მა, უკვე სრულფასოვნად დაადასტურა, რომ ქართული ოცნება ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი საქართველოში“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)