Site icon Civil.ge

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში თანამშრომლობაზე იმსჯელეს

ელმარ მამედიაროვი, დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავუშოღლუ, ფოტო: facebook.com/mfageorgia

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ელმარ მამედიაროვმა, დავით ზალკალიანმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ 23 დეკემბერს თბილისში გამართულ მე-8 სამმხრივ მინისტერიალზე რეგიონულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრების რეგულარულად ჩატარებაზე 2012 წლის ივნისში შეთანხმდნენ. მაშინ სამმა ქვეყანამ ტრაპიზონის დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებს განსაზღვრავს, დაწყებული ურთიერთმხარდაჭერით საერთაშორისო ორგანიზაციებში და დამთავრებული ერთობლივი ენერგო და სატრანსპორტო პროექტებით.

შეხვედრის შემდეგ ავლაბრის ყოფილ საპრეზიდენტო სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს სამაგალითო ორმხრივი ურთიერთობები აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან და რომ დღეს მათ სამმხრივი დღის წესრიგის რიგი საკითხები განიხილეს.

„ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა მრავალ სფეროს“, – განაცხადა მან.

სამმხრივ შეხვედრაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტრანზიტისა და უსაფრთხოების საკითხებიც იქნა განხილული. „შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ერთობლივ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტზე დისკუსიას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, „კიდევ ერთხელ ხაზგასმით დავაფიქსირეთ ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის რეალიზაციის მნიშვნელობა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლი კასპიის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხებსა და ევროპული ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

მე-8 მინისტერიალის ფარგლებში ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში, სამმა საგარეო საქმეთა მინისტრმა „კმაყოფილებით აღნიშნა მათ ქვეყნებს შორის მზარდი ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ ეს თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის, კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე“.

მათ სამი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას დაუჭირეს მხარი და აღნიშნეს, რომ „რეგიონში არსებული კონფლიქტები მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას უშლის ხელს“.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ითანამშრომლონ ტერორიზმთან, ძალადობრივ ექსტრემიზმთან და სეპარატიზმთან, ასევე დანაშაულის სხვადასხვა ფორმებთან, მათ შორის, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, ტრეფიკინგთან, ფულის გათეთრებასთან, კიბერდანაშაულთან და დეზინფორმაციის კამპანიებთან ბრძოლის საქმეში.

შეხვედრის ფარგლებში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2020-2022 წლების სამმხრივი დარგობრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა მიიღეს.

თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი აზერბაჯანულ-ქართული, ქართულ-თურქული და აზერბაიჯანულ-თურქული შეხვედრებიც გამართეს. ელმარ მამედიაროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ცალკე შეხვედრაც გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)