Site icon Civil.ge

აკაკი ხოშტარიამ საგანმანათლებლო საქმიანობისათვის თბილისს ფული შესწირა

აკაკი ხოშტარია და ოლივერ უორდროპი თფილისში, აკაკი ხოშტარიას სახლთან (დღევანდელი მწერალთა სახლი), რომელიც უორდროპის მისიამ იქირავა. ფოტო დაცულია ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, ოქფორდის უნივერსიტეტში, უორდროპის წარწერით.

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 31 დეკემბერი, N297

ქალაქის თვითმმართველობაში

აკ. ხოშტარიას შემოწირულება.

ქალაქის მოურავმა ჩხიკვიშვილმა მოახსენა გამგეობას, რომ მან მიიღო ცნობილ მწარმოებელ აკ. ხოშტარიას წერილი, რომლითაც ის ატყობინებს, რომ მან მიაქირავა თავისი სახლი ბრიტანეთის მისიის მეთაურს ბ. ოლივერ უორდროპს მისიის საჭიროებისათვის ას ოთხმოც და ათ გირვანქა სტერლინგათ (გირვანქა სტელინგის გაცვლითი კურსი 1919 წლისათვის ძალზე ცვალებადი იყო, სხვადასხვა დროს 2000 დან 4000 ქართულ მანეთამდე მერყეობდა – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა)  და ამ თანხის ნახევარს ოთხმოცდა ათ გირვანქა სტერლინგს  გადმოსცემს ქალაქის მოურავს საგანმანათლებლო მიზნისათვის. ქალაქის თავმა მოითხოვა გამგეობისაგან ამ თანხის დასახარჯათ რაიმე დანიშნულება. გამგეობამ დაადგინა ეს თანხა მოხმარდეს ქალაქის პირველ დაწყებითი სკოლების მოწაფეთათვის საახალწლო ნაძვის ხის (იოლკის) მოწყობას.