Site icon Civil.ge

ქართულ ოცნებას კერძო ტელეკომპანიებისთვის სანქციების დაწესების გამო აკრიტიკებენ

სამოქალაქო აქტივისტებმა ტელეკომპანია "კავკასიის" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს, 26 დეკემბერი, 2019 წ. ფოტო: კადრი ტელეკომპანია "მთავარი არხის" ვიდეომასალიდან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 24 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სამი კერძო ტელეკომპანიის – პირველის, კავკასიის და რუსთავი 2-ის ანგარიშებს, 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე  დავალიანების გამო, ინკასო დაედო, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ინკასოს შემთხვევაში ტელეკომპანიების ანგარიშებზე არსებული, ან ნებისმიერ დროს ჩარიცხული თანხა, დავალიანების დაფარვის მიზნით, სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ ჩამოიჭრება.

საგადასახადო სანქციის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, ფინანსთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც ტელეკომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი მიმდინარე დავალიანების გამო გააფრთხილა და ერთი დღის ვადა მისცა დავალიანების ძირი თანხის დასაფარად.

ტელეკომპანიების – კავკასიის და პირველის – წარმომადგენლების განცხადებით, სახელწმიფო „არათანაბარ“ პირობებში აყენებს „კრიტიკულად“ განწყობილ ტელევიზიებს და მაგალითად მოჰყავთ „ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი“ ტელევიზიები – იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, რომელთა დავალიანება, მათი თქმით, 55 მლნ ლარს აღწევს, თუმცა მათ მიმართ ინკასო არ გამოუყენებიათ.

„ეს არის კრიტიკულ მედიასთან ანგარიშსწორება. ‘რუსთავი 2’ უბრალოდ მოგვაყოლეს, როგორც ალიბი, რომ ‘აი, კრიტიკულ მედიას კი არ ვერჩით, ჩვენებსაც ვერჩით’… ეს არის უბრალოდ ხელშეშლა ‘პირველის’ და ‘კავკასიის’ მუშაობის… რეალურად, დამოუკიდებელი მედია ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, ესეც ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად“, – განაცხადა კავკასიის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა და დასძინა, რომ  სახელმწიფოსგან ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით ტელეკომპანიებთან დაწყებული მოლაპარაკებების გასაჯაროებას მოითხოვს.  

ინკასოს დადების გადაწყვეტილებას „უსამართლოს“ უწოდებს ტელეკომპანია პირველის კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძეც.

„უსამართლოა, როდესაც სხვა ტელევიზიებს 55 მლნ ლარის გამო არ ედებათ ინკასო და ჩვენ მიმდინარე გადასახადის გამო, რომელზეც ოფიციალურად ვითხოვეთ საშეღავათო პერიოდი, მივიღეთ უარი“, – განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.

ინკასოს დადებაზე კომენტარი ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხება. ჩვენ, მენეჯმენტი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს“.  

პოლიტიკური შეფასებები

ტელეკომპანიების მიმართ გამოყენებული საგადასახადო სანქციების შესახებ კომენტარი მედიასთან მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს საკითხი „პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიდეს“, ვინაიდან ეს საგადასახადო ორგანოსა და მედია კომპანიას შორის არსებული საკითხია.

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კი თემას არ იცნობს, თუმცა დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი გადახდა უნდა მოხდეს. „ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები? ეს არასწორია“, – აღნიშნა კალაძემ.

ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადებას ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად აფასებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეს არ არის ფინანსური და დავალიანების საკითხი, „ეს არის მედიების მოხრჩობის გზა“.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით კი, ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის „ამოსავალი წერტილი არის მაქსიმალურად მოგუდოს და შეზღუდოს ყველა კრიტიკულად განწყობილი მედია და ამისთვის იყენებს ყველა სახელმწიფო ბერკეტს“.

დღეს განცხადება პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებს „არ შეაფერხოს დამოუკიდებელი ტელევიზიების ფუნქციონირება. დიალოგის და არა ულტიმატუმების რეჟიმში გადაიყვანოს მათთან მოლაპარაკების პროცესი და ხელი აიღოს შერჩევით მიდგომებზე“.

სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი

26 დეკემბერს სამოქალაქო აქტივისტებმა ტელეკომპანიების – კავკასიის და პირველის ოფისებთან სოლიდარობის მიზნით საპროტესტო აქციები გამართეს. მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები, წარწერებით –  „მედიაზე ზეწოლა სირცხვილია“, „ვერ დაგვადუმებთ“, „თავისუფლება მედიას“.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „ეს არის ქართული ოცნების მარტივად დასანახი ხელწერა, რომელსაც არ მოსწონს მასზე კრიტიკულად განწყობილი თავისუფალი მედია“.

ტელეკომპანიების მიმართ გამოყენებული საგადასახადო სანქციის გამო განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“, რომელშიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ღია საზოგადოების ფონდი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შედიან, მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, „შექმნას თანაბარი საგადასახადო პირობები მაუწყებლებისათვის და საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და სამართლიანი“.

მედიაორგანიზაციების პოზიცია

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ ტელეკომპანიების დავალიანების საკითხის გადაწყვეტა ხდება შერჩევით და კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ ხელისუფლება მკაცრ ზომებს იყენებს.

ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის თქმით, საქმე გვაქვს „შერჩევით სამართალთან, შერჩევით დამოკიდებულებასთან სხვადასხვა ტელევიზიების მიმართ… ეს ცალსახად მიუთითებს ამ ხელისუფლების უკვე აგონიურ მდგომარეობაზე“.

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილის აღნიშვნით, „ეს არის შერჩევითი მიდგომა, იმიტომ, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ ხელისუფლება უფრო მკაცრ ზომებს იღებს, ვიდრე იმ მედიების მიმართ, რომლებიც ლოიალობით გამოირჩევიან… ისინი ყველა მეთოდს იყენებენ, რომ მოარჯულონ მედია, თუმცა ასეთი მცდელობები არასდროს ყოფილა წარმატებული“.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მოსაზრებით, ხელისუფლება ვალდებულია სატელევიზიო სექტორში გადასახადებზე რამდენიმეწლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს, სანამ ამ სექტორში ბაზრის განვითარების ტენდენცია არ დაიწყება. გვარამიას თქმით,  „წინააღმდეგ შემთხვევაში ტელევიზია საკუთარ თავს უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეინახავს“.

ასევე წაიკითხეთ:

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)