თავდასხმის ანატომია – პრესის თვალით
1919 წლის სექტემბრის განმავლობაში პრესაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ინფორმაცია შემდეგნაირად ავსებს ახვლედიანის მოხსენებას:
თავდამსხმელმა, რომელსაც მილიციონერები დაედევნენ, შეძლო მდინარე მტკვრამდე მიღწევა და მდინარეში გადახტომა – დევნისაგან თავის დასაღწევად. მილიციონერმა გელოვანმა მას მაშინ ესროლა, როცა უცნობმა მდინარე მტკვრის ნაპირს მიაღწია. დაჭრილი მდინარიდან მენავემ გამოიყვანა. უცნობი იქვე გარდაიცვალა. მას ჯიბეში საბუთები და სხვადასხვა დოკუმენტი აღმოაჩნდა, რის მიხედვითაც გამოირკვა, რომ იგი ცნობილი ქართველი ბოლშევიკი – არკადი ელბაქიძე იყო.
არკადი ყარამანის ძე ელბაქიძე:
პარტიული ფსევდონიმი- „აგორდი“. დაიბადა 1879 წელს, რაჭის მაზრის სოფელ წესში, გლეხის ოჯახში. 18 წლის ასაკში იგი თბილისში ჩამოდის და მუშაობას მზარეულად იწყებს. 1904 წლიდან ის სოციალ-დემოკრატიულ წრეებს უკავშირდება და პარტიის დავალებით აქტიურად მონაწილეობს 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში შორაპნის მაზრაში. რევოლუციის დამარცხებისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაყოფის შემდეგ ელბაქიძე თბილისში ბრუნდება და ბოლშევიკებს უერთდება. იგი ასრულებდა უმნიშვნელოვანეს პარტიულ დავალებებს და იყო კამოს მიერ შექმნილი ტერორისტული ჯგუფის აქტიური წევრი. ელბაქიძე მონაწილეობდა 1907 წლის 13 ივნისის გახმაურებულ თავდასხმაში, რომელიც კამოს ჯგუფმა მოაწყო ერევნის მოედანზე და სახელმწიფო ხაზინიდან 250 000 მანეთი გაიტაცა. 1909 -1910 წლებში ელბაქიძე ორჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული, მაგრამ ორივეჯერ მოახერხა გაქცევა. პოლიციის დევნის გამო ელბაქიძე იძულებული გახდა ნოვოჩერკასკში გადასულიყო, თუმცა 1912 წელს იქაც დააკავეს ექსპროპრიაციის ბრალდებით და სამხედრო სასამართლომ მას მუდმივი კატორღა მიუსაჯა. 1917 წლის რევოლუცია მას პატიმრობიდან ათავისუფლებს, რის შემდეგაც ისევ თბილისში ბრუნდება და აქტიურად ერთვება ბოლშევიკურ მოძრაობაში. 1918 წლის 11 აგვისტოს არკადი ელბაქიძე სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა რაჭისა და დუშეთის მაზრების ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო დააპატიმრა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, 1918 წლის დეკემბერში ელბაქიძე საქართველოდან ჩრდილო კავკასიაში გააძევეს, სადაც იგი – როგორც გამოცდილი რევოლუციონერი – მუშაობას იწყებს თერგის საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიაში (ЧК).
„… როდესაც ელბაქიძეს მისდევდნენ, მილიციელებმა შეამჩნიეს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გადაღმა, ხევის ძირას ორი კაცი, რომელნიც სცდილობდნენ არავის შეემჩნიათ. ერთ მათგანს (თათარს) ეჭირა მაუზერი, რომელიც მას ეპოვნა ხევში. ისინი მილიციელებს პირველ წინადადებისთანავე დამორჩილდნენ, რომლებიც გაძლიერებულ დარაჯთა ქვეშ გადასცეს მილიციის უფროსის სამმართველოს. შემდეგ მილიციის უფროსის განკარგულებით ისინი გაანთავისუფლეს.“
თუმცა სექტემბრის ბოლოს პრესაში ისევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გათავისუფლებული ეჭვმიტანილები, დიმიტრი კორენშტეი და მამედ-მამადი-იბრაგიმ ალი-ოღლი, შსს განსაკუთრებულმა რაზმმა ისევ დააკავა. ისინი მალე უდიდეს საქმეთა გამომძიებელ ჯორბენაძეს გადასცეს, რომელიც გენერალ ბარათოვზე თავდასხმას იძიებდა.
16 სექტემბერს დილის 10 საათზე მოხალისეთა არმიის წარმომადგენლობის შტაბიდან პოლკოვნიკი ალხავი გამოასვენეს და დღევანდელი მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ალექსანდრე ნეველის ტაძარში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიას პოლკოვნიკი ვასკრესენსკი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ბარათოვის ადგილი დაიჭირა, ხოლო საქართველოს მხრიდან დაკრძალვას სამხედრო მინისტრის ამხანაგი გენერალი გედევანიშვილი და თბილისის ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი დაესწრნენ.
18 სექტემბერს დილის 11 საათზე კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს თავდასხმისას დაღუპული მძღოლები. დაკრძალვას დაესწრნენ მთავრობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
არკადი ელბაქიძის დასაფლავების ადგილი დღემდე უცნობია.
გენერალი ბარათოვი თავდასხმას უდანაკარგოდ მაინც ვერ გადაურჩა; პირველი ოპერაციის შემდეგ როდესაც მოტეხილი ფეხიდან ყუმბარის ნამსხვრევები ამოაცალეს, მას ჭრილობები გაურთულდა და 6 ოქტომბერს ბაქოდან საგანგებოდ მოწვეულ ქირურგ ოშმარის თანდასწრებით ექიმმა გრიგოლ მუხაძემ მას მძიმედ დაზიანებული მარცხენა ფეხი მოჰკვეთა.
ქართულ პრესაში, სხვადასხვა გამოცემაში გაშუქებული და ასევე, ბოლშევიკების თითქოსდა მოვალეობის მოხდის მიზნით გამოქვეყნებული პროკლამაცია, რომელიც „თეთრი ტერორის“ გამო „შესაფერი პასუხით“ იმუქრებოდა, მართალია არასაკმარის, მაგრამ ურთიერთშეჯერებისას ბევრ მნიშვნელოვან კითხვას სცემს პასუხს.
საქართველოს ოკუპაციის შემდგომ კომუნისტურ ლიტერატურასა თუ მემუარებში ბევრი არაფერი მოიძებნება ამ გახმაურებული ამბის და დაღუპული ელბაქიძის შესახებ – გარდა იმისა, რომ თეთრ გენერალზე თავდასხმა ბოლშევიკების ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტმა დაგეგმა და მასში მონაწილეობდნენ; არკადი ელბაქიძე, ტიტე ლორთქიფანიძე, კოტე ცინცაძე, ლადო დუმბაძე, ვასილ წივწივაძე, აკაკი დალაქიშვილი და პავლე მარდალეიშვილი. საყურადღებოა რომ დასახელებულ პერსონებს არც ერთს ცოცხალს არ მიუღწევია 30-იანი წლების ბოლომდე სხვადასხვა მიზეზით – დაწყებული 20-იანი წლების მოვლენებითა და დამთავრებული 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიებით. ასევე უკვალოდაა გამქრალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასამართლო პალატის უდიდეს საქმეთა გამომძიებლის ფონდი, რომელიც რესპუბლიკაში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან საქმეს იძიებდა და მათ შორის, ბარათოვზე თავდასხმის გამოძიებასაც ის უძღვებოდა. თუმცა შემორჩენილი დოკუმენტური და ძველი ფოტომასალით, 13 სექტემბრის ტერაქტის მიმდებარე თბილისური განაშენიანების და ლანდშაფტზე დაკვირვებით, რომელიც საუკუნის შემდგომაც, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, შესაძლებელია ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა:
- თავდამსხმელები რამდენიმე კვირის განმავლობაში ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ მიზანში ამოღებულ გენერალს, რასაც ბაქოში არშემდგარი აფეთქებაც ადასტურებს, აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ტერაქტი კარგად მომზადებული და გათვლილი იყო, მითუმეტეს შემსრულებლები ტერორში კარგად დახელოვნებული და გამოცდილი ბოლშევიკები იყვნენ.
- თავდამსხმელებმა კარგად იცოდნენ ბარათოვის გადაადგილების მარშრუტები და ხელსაყრელი თავდასხმის ადგილიც შეარჩიეს ვერის მოედანზე (რომელიც დღევანდელი რესპუბლიკის მოედნის და ჯავახიშვილის ქუჩის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის მიმდებარედ იყო) საიდანაც ტერაქტის შესრულების შემდგომ რამდენიმე გზით ექნებოდათ მიმალვის შესაძლებლობა და მოედნის ხალხმრავლობაშიც იოლად შეინიღბებოდნენ ლოდინისას. ასევე, მოედნის გარშემო არსებული თბილისური სადარბაზოებიანი სახლები, რომლებსაც უკანა ეზოებში გასასვლელები ჰქონდათ, თავის დაღწევის დამატებითი საშუალება იქნებოდა.
- მიუხედავად მოგონებებში დასახელებული რამდენიმე ბოლშევიკისა, თავდასხმის ადგილზე მხოლოდ ორი შემსრულებლის ყოფნა დასტურდება; თვითონ არკადი ელბაქიძის და პავლე მარდალეიშვილის, რომელიც ასევე გამოცდილი ტერორისტი იყო, მას წარსულშიც რამდენიმე სერიოზული ტერორისტული აქტი ჰქონდა შესრულებული და დევნისგან თავის დაღწევაც არ გაუჭირდებოდა. არსებობს ცნობები, თუ როგორ დააღწია მან თავი ნაძალადევში ჟანდარმების დევნას 1900-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იგი სარკინიგზო ხიდზე ალყაში მოაქციეს და მარდალეიშვილმა ხიდიდან მოძრავ შემადგენლობაზე გადახტომით უშველა თავს.
- ხელნაკეთი ყუმბარის სროლა იოლი არ იყო, მითუმეტეს მიყოლებით ორი ყუმბარის სროლა შეუძლებელი იქნებოდა ერთი თავდამსხმელისთვის, მსროლელი ცალ-ცალკე ატარებდა ასაფეთქებელ მუხტს და შუშის კაფსულას, რომელშიც ქიმიური ნაერთი იყო და სროლის წინ ამაგრებდა, რომ შემთხვევითი რეაქცია აერიდებინა თავიდან, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სამიზნე ავტომობილის მიმართულებით ნასროლი ორი ყუმბარიდან ერთი პავლე მარდალეიშვილმა ისროლა. ამ ვარაუდის გასამყარებლად ისიც გამოდგება, რომ 1920 წლის 1 მარტს დაპატიმრებულ მარდალეიშვილს ბარათოვზე თავდამსხმელად მოიხსენიებს, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესა, ასევე მოგვიანებით საბჭოთა პრესაში მისი მეგობარი კომუნისტების დაბეჭდილი მოგონებები.
- ხელნაკეთი „ჯოჯოხეთის მანქანის“ სროლისას ტერორისტები ყუმბარას ეტლში ან ავტომობილში მჯდომი მსხვერპლის სიახლოვეს ქვაფენილზე ახეთქებდნენ, რადგან შუშის კაპსულა აუცილებლად გატეხილიყო და რეაქცია დაწყებულიყო, თუმცა საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში ყუმბარები ავტომობილის წინა ნაწილისკენ იყო ნასროლი, სადაც მძღოლები და ადიუტანტი იჯდნენ. სავარაუდოდ, რადგან ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა, თავდამსხმელებს მგზავრების განლაგებაზე დასაკვირვებლად დიდი დრო არ ექნებოდათ.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მრავალფეროვან პრესაში თავდასხმის ზოგიერთი დეტალები სხვადასხვანაირადაა გაშუქებული, რასაც მოვლენის სიახლე თუ სხვადასხვა ჟურნალისტური წყაროს არსებობა განაპირობებდა, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რუსულენოვანი გამოცემა „Борьба“-ს კორესპონდენტი თავდასხმის მეორე დღეს წერდა, რომ ელბაქიძე შეიარაღებულმა ცხენოსანმა მილიციელებმა ადგილზევე მოკლეს, თუმცა სხვა გამოცემაში მდევარი მილიცონერების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის – ისინი ქვეითები იყვნენ თუ ცხენოსანი მილიციის წარმომადგენლები.
მთელი სექტემბრის განმავლობაში პრესაში გამოქვეყნებული ცნობებიცა და მეორე უბნის კომისარ ახვლედიანის მოხსენებაც ადასტურებს, რომ აფეთქებების შემდეგ თავდამსხმელებმა უვნებლად დატოვეს შემთხვევის ადგილი და ელბაქიძე ყორღანოვის ქუჩით (დღევანდელი ქიაჩელის ქუჩა) შეუფერხებლად მივიდნენ იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის გალავნამდე, სადაც თავდასხმის დროიდან გამომდინარე – კვირას, დღის პირველ ნახევარში, ქუჩაშიც და ეკლესიის ეზოშიც ხალხმრავლობა იქნებოდა, რაც მიმალვის შესაძლებლობას უფრო გაუიოლებდა ელბაქიძეს. მოსალოდნელიცაა, რომ ამის გამო წავიდა ის ყორღანოვის ქუჩით, საიდანაც ვერის სასაფლაოზე (დღევანდელი ვერის ბაღი) გასვლის შემთხვევაში უკვე სამშვიდობოს იქნებოდა, თუმცა მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ ის ხაფანგში აღმოჩნდა. იგი უეცრად ცვლის მარშრუტს და მარჯვნივ ხევში ეშვება, სადაც მას სიჩქარის, ციცაბო ფერდობზე სავარაუდოდ წაქცევისა და პანიკური მდგომარეობის გამო მაუზერი ხელიდან უვარდება.
ხევი დღემდე თითქმის უცვლელად არის შენარჩუნებული და იოლი შესამჩნევია, რომ იქიდანაც თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი სასაფლაოზე გასვლა, მაგრამ ელბაქიძე მოულოდნელად მტკვრის გაშლილი სანაპიროებისა და ვერის ხიდისკენ გაიქცა, რაც გამოცდილი ტერორისტისგან მოულოდნელი ქმედება იყო, რადგანაც შემთხვევის ადგილზე მისული ახვლედიანის მიერ დადევნებული მილიციელები სწორედ მაშინ წამოეწივნენ თვალთახედვის მანძილზე, როცა ის ხევში დაეშვა. ამან გაშლილ სანაპიროებზე გასული ელბაქიძე პირდაპირ სამიზნედ აქცია. თანაც, თუ მას მისამალად წინასწარ ვერის ხიდით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა ექნებოდა განზრახული, შეეძლო იქვე ჩაერბინა ვერის დაღმართი და წრე არ გაეკეთებინა, მითუმეტეს ციცაბო ფერდობის გავლით. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს ხიდებზე მუდმივად იდგა შეიარაღებული მცველი, რაც ასევე დამატებითი არგუმენტია იმის წინააღმდეგ, რომ ელბაქიძეს თავდასხმის შემდეგ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიმალვა ჰქონოდა განზრახული. ეს ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ელბაქიძე ეკლესიის გალავანთან ჩასაფრებაში მოჰყვა და უეცრად მოუწია მარშრუტის შეცვლა. ერთ-ერთი წყარო ადასტურებს, რომ ელბაქიძე წყალში მას შემდეგ გადახტა, რაც შეამჩნია, რომ ვერის ხიდზე პირდაპირ ხვდებოდა სისხლის სამართლის მილიციის აგენტი. აქედან იგი შემდგომ მენავემ უკვე მომაკვდავი გამოიყვანა. როგორც კომისარ ახვლედიანის მოხსენებიდან ჩანს, ელბაქიძეს ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი, რაც ეჭვქვეშ აყენებს ფაქტს, რომ მას დადევნებულმა მილიციელმა გელოვანმა ესროლა ზურგიდან და უფრო სარწმუნოს ხდის ვერსიას, რომ ელბაქიძე სასიკვდილოდ ხიდზე ჩასაფრებულმა აგენტმა დაჭრა.