Site icon Civil.ge

პრეზიდენტი ზურაბიშვილი: „საქართველოს ადგილი მსოფლიო რუკაზე – აქტიური დიპლომატიის ერთი წელი“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას. 2029 წლის სექტემბერი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ერთი წლის წინ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად ამირჩიეს. ეს იყო მომენტი, როდესაც დავსახე ჩემი პრეზიდენტობის მიზნები: საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ჩვენი ევროატლანტიკური გზის გაგრძელება, საქართველოს დაბრუნება მსოფლიო რუკაზე, საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ხელსაყრელი და ეროვნული სუვერენიტეტის უსაფრთხოებისათვის საჭირო სტრატეგიების განვითარება.

ეს პირობა დავდე ჩვენი ერის წინაშე ერთი წლის წინ. მას შემდეგ, ევროპაში ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან ურთიერთობის ახალი ხედვა განვავითარეთ. ჩემი, როგორც პრეზიდენტის, პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში შედგა –  ქალაქში, რომელიც  საქართველოსათვის ევროპული და ევროატლანტიკური პრიორიტებების სიმბოლოა, სადაც ევროკავშირის ლიდერებს შევხვდი. მას შემდეგ არაერთხელ მქონდა შესაძლებლობა, შევხვდროდი და გამეზიარებინა ჩვენი იდეები პრეზიდენტ დონალდ ტუსკისა და ჟან-კლოდ იუნკერისათვის.

რაც ეხება ევროკავშირს, ჩვენ უნდა შევაღოთ ყველა კარი და გადავაბრუნოთ ყველა ქვა. დარგობრივი ინტეგრაცია რეალობაა და ჩვენ გასული წელი მივუძღვენით მეტ საქართველოს ევროპაში და მეტ ევროპას საქართველოში – პოლიტიკის, კულტურის, სპორტის, დიპლომატიისა თუ განათლების მიმართულებით. ვგეგმავ, უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ვესტუმრო ბრიუსელს, რათა შევხვდე ახლადარჩეულ ლიდერებს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და განვაზღვროთ ჩვენი საბოლოო მიზნისაკენ, ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, გადასადგმელი ნაბიჯების შესაძლებლობები.

ეს მიზანი ჩვენს ახალ კონსტიტუციაშია ჩაწერილი, რაც ადასტურებს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მტკიცე ნებისყოფას – დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს, რომელსაც 70 წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ დააშორა.

გასულ ივლისს, ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, დონალდ ტუსკთან ერთად წარვადგინე გეგმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების  შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად – სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში დაგვეხმარება, სანამ ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

2020 წელს საქართველო – ბრიუსელის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა. საქართველო ევროკავშირის მომდევნო ბიუჯეტში უნდა ფიგურირებდეს, მაისში დაგეგმილმა ზაგრების სამიტმა ევროკავშირის გაფართოების ახალი შესაძლებლობები უნდა წარმოაჩინოს  და ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც  ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსი უკვე მოიპოვეს, მათთვის ფინანსური დახმარება არ განისაზღვროს არაასოცირებულ წევრებთან ერთიანი ფინანსური ინსტრუმენტით და დარჩეს მხოლოდ მათზე მორგებული ფინანსური დახმარება.

საქართველომ, ასევე, აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ევროკავშირთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე პოლიტიკურ დისკუსიებში.

სწორედ ამიტომ, მე მოვუწოდე საქართველოს მთავრობას, ბრიუსელში ძლიერი ლობი ჩამოეყალიბებინა.

ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოსათვის სანდო და საიმედო პარტნიორი. სიტყვებით ბოლომდე ვერ გადმოვცემ, თუ რაოდენ აუცილებელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობა, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისათვის, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ცხოვრობს.

თუმცა, საჭიროა, მისიას მიეცეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედების შესაძლებლობა, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებშიც, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ევროკავშირის მხარდაჭერის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, თუმცა ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვარეგულიროთ, არამედ უნდა გადავჭრათ კონფლიქტი. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვაყენებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ცვლილების საკითხს, რომელიც სტაგნაციას განიცდის, გადაიქცა ტექნიკური სახის შეხვედრებად და ვერ ახერხებს ძირითადი საკითხების მოგვარებას.

ყველგან და ყოველთვის – დიპლომატებთან შეხვედრებისას, ადგილობრივი და უცხოური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუებში, თუ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, ვაცხადებ, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგში უნდა იდგეს. ეს არის არა ადგილობრივი, არამედ ევროპის უსაფრთხოების საკითხი.

თუ კონფლიქტის გადაჭრა რეალურად გვსურს, აუცილებელია მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატი. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ არც ჩვენ და არც საერთაშორისო საზოგადოებას, არ გვაქვს ისეთი ფორმატები და ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა თუნდაც ასეთი ჰუმანიტარული საკითხის მოსაგვარებლად. ჩვენ არ შევეგუებით ამ რეალობას. ჩვენ უნდა ვეძებოთ ამ კრიზის მოგვარებისა და საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობის დეესკალაციისა და კონფლიქტის  მშვიდობიანი გადაჭრის ყველა შესაძლო გზა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს საკითხის აქტუალობის შენარჩუნება ნატოს, აშშ-სა და ევროპის დღის წესრიგში და საშუალება არ მივცეთ სხვა, გლობალურ კონფლიქტებს, ხელი შეუწყონ აფხაზეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობის გადაფარვას. სწორედ ამიტომ, ვაშინგტონს მოვუწოდე დაენიშნა სპეციალური წარმომადგენელი საქართველოსთვის და დაგვხმარებოდა კონფლიქტის გადასაჭრელად საჭირო დიალოგების სიხშირისა და ინტენსივობის გაზრდაში.

ამავდროულად, საქართველო ერთგულად რჩება ავღანეთში, მალისა და ცენტრლური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირისა და ნატო-ს სამშვიდობო მისიების მონაწილედ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იგი საიმედო პარტნიორი და გლობალური მოთამაშეა, რომელიც მზადაა სტაბილურობა და მშვიდობა მოუტანოს მსოფლიოს.

როგორც მხედართმთავარს, ჩემი პრეზიდენტობის პირველ ორ თვეში,  პატივი მქონდა ავღანეთში მომენახულებინა ჩვენი თავდადებული ჯარი, რომელიც  ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის ხაზს წარმოადგენენ.

განურჩევლად იმისა, სად მსახურობენ ქართველი ჯარისკაცები, ისინი იცავენ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთათვისაც სიძლიერის, სიმამაცისა და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენენ.

გასულ კვირას ბაგრამის აეროდრომზე განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმამ, რომლის შედეგადაც 5 ქართველი დაშავდა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საზღვარგარეთ მშვიდობის დამყარების მიმართულებით ჩვენი მისიის ფასი ძალიან მაღალია, თუმცა საქართველო გააგრძელებს თავისუფლებისათვის ბრძოლასა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვას. გასულ წელს, ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ჩვენ მრავალჯერ მივმართეთ ნატოსა და ევროკავშირს უფრო მეტად ჩართულიყვნენ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში, რომლის სტაბილურობაც სავაჭრო გზებისა და ევროპის აღმოსავლეთ რეგიონისათვის მშვიდობის საფუძველია.

მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, გასულ აპრილს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შავი ზღვის მოცემულობასთან დაკავშირებით ალიანსის ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.

ჰიბრიდული ომების ეპოქაში, კიბერუსაფრთხოება ჩვენი სტრატეგიული თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ევროპელ და ჩრდილოატლანტიკელ  პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის საჭიროება წარმოვაჩინე და ხაზი გავუსვი საქართველოს სურვილს, შეუერთდეს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრს და გახსნას კიბერუსაფრთხოების საკუთარი ცენტრი.

ასევე, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ხელი მოეწერა კიბერუსაფრთხოების საკითხებში საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროების შორის თანამშრომლობას. ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე შევხვდი სტრატეგიული ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებსაც შევთავაზე შეეფასებინათ საფრთხეები და დაეტრენინგებინათ ქართველი კოლეგები.

ნატოში გაწევრიანება არ არის მხოლოდ ჩემი და ჩემი წინამორბედების პრეზიდენტობის მიზანი, ეს ქართველი ხალხის სურვილია, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ეს ასევე აუცილებელია საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამიტომ, იმედის მომცემი იყო მთელი წლის განმავლობაში, ნატოს გენერალური მდივნის, იან სტოლტენბერგის გამოსვლები, რომლებშიც მან ორგანიზაციაში საქართველოს სამომავლო გაწევრიანება დაადასტურა. 2019 წელს ჩვენს შორის კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობის მანიშნებელი იყო:  სტოლტენბერგის ვიზიტი თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის, მადლენ მუნის მხარდამჭერი სიტყვები, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე შეხვედრა საქართველოში და ჩემ მიერ გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტემიოლერის დაჯილდოება ოქროს საწმისის მედლით.

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა მტკიცეა და მას ვერანაირი მესამე მხარე ვერასდროს  ვერ აღუდგება წინ! თუმცა საჭიროა ისეთი ახალი სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც არამხოლოდ ნატოსა და ევროკავშირს, როგორც ერთიან ორგანიზაციებს შეეხება, არამედ ამ ორგანიზაციათა წევრი ქვეყნების პოლიტიკურ რეალობასაც ითვალისწინებს.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, თებერვალში ხელი მოვაწერე ,,დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგულ პოლიტიკური დიალოგის“ დაწყებას, რის შედეგადაც პარიზთან ურთიერთობის ახალი ფორმატი წამოვიწყეთ; მსგავს ფორმატებზე უნდა შევთანხმდეთ ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებთან.

ატლანტიკური ოკეანის მეორე მხარეს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებით,  გვაჩვენა ჩვენი სტრატეგიული პარნიორობისადმი ერთგულება. იმავდროულად, ქალბატონ კელი დეგნანის ელჩის პოზიციაზე დამტკიცებით ჩვენ ველოდებით ჩვენს ურთიერთობში ახალ ნაბიჯებსა და განვითარებას.

გასულ სექტემბერს ჩემმა ვიზიტმა ნიუ-იორკში შესაძლებლობა მოგვცა დაგვეწყო ახალი თავი ჩვენს ხალხთა შორის ურთიერთობაში. აშშ-ის  ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა ალექს აზარმა, დამარწმუნა, რომ ახლო მომავალში საქართველოსა და აშშ-ს შორის მეცნიერებისა და ჯანდაცვის სფეროების მიმართულებით პარტნიორობის გასაღრმავებლად ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი.

საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენების დანიშვნის საჭიროება განვიხილეთ ამერიკელ ბიზნესლიდერებთან შეხვედრისას. საქართველო, როგორც მაღალი ხარისხის ფილმების გადასაღებად სასურველი ადგილი, მიმზიდველი იყო ჰოლივუდის ყველა წარმომადგენლისთვის, რომელსაც მე შევხვდი. ჩემი ვიზიტის ფარგლებში, განხილული თანამშრომლობა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან ძალაში შემდეგი გაზაფხულიდან შევა.

საქართველოს დაბრუნება მსოფლიო რუკაზე ნამდვილად ხალხთაშორისი კონტაქტის საშუალებით უნდა მოხდეს. საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისათვის, რომ საქართველო ტურისტულად მიზმიდველი ქვეყანა გამხდარიყო. ამისათვის, იაპონიაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი და მივაწოდე ინფორმაცია მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის შესახებ, მხარი დავუჭირე პოპულარულ კამპანიას „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“ და საქართველოში ტურიზმის ზრდის შესაძლებლობები მსოფლიო ლიდერებთან  ერთად განვიხილე.

გასულ ზაფხულს, ჩემი ვიზიტი მიუნხენში FIBA-ს შეხვედრაზე დაეხმარა საქართველოს 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყნად შერჩეულიყო – ეს კიდევ ერთი ნიშანია საქართველოს ევროპული კულტურის ოჯახში დაბრუნების, უცხოეთში ქვეყნის წარმატებისა და ქვეყანაში საზოგადოების ჯანმრთელი განვითარებისა. 2022 წელს საქართველო ბრიუსელში ევროპალიას ფესტივალსა და პარიზის წიგნების ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება.

ამ ხალხთაშორისი კონტაქტის ცენტრში ჩვენი დიასპორაა.  ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, ყოველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში ვხვდები ადგილობრივი დიასპორის წარმოამდგენლებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს, რადგან საზღვრგარეთ მყოფი თითოეული ქართველი ჩვენი კულტურის, ნიჭისა და ერის ელჩია.

დიასპორამ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სწორედ ამიტომ, გამოვედი წინადადებით, რომ პარლამენტში დიასპორას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს.

ჩემს პრეზიდენტობამდე ვიბრძოდი იმ კანონპროექტისათვის, რომელიც უფლებას მისცემდა ქართველებს, ჰქონოდათ ორმაგი მოქალაქეობა და ქართული წარმომავლობის პირებს მისცემოდათ მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობა. სწორედ ეს არის ის, რაც მსოფლიოს სხვდასხვა კუთხეში მყოფ ქართველებს ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს.

ვიზალიბერალიზაცია, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის 2017 წელს ამოქმედდა, ათასობით ქართველს იმ ევროპული ღირებულებების აღმოჩენაში დაეხმარა, რომლის დაბრუნებისკენაც მივსწრაფვით, ხოლო შენგენის ზონის ათასობით მოქალაქეს საშუალება მისცა აღმოეჩინა ჩვენი ქვეყნის სილამაზე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულმა სირთულეებმა იჩინა თავი, გასულ წელს ევროპულ ხელისუფლებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შევძელით არალეგალური მიგრაციის შემცირება.

ჩვენ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ტოლერანტობა ჩვენს მთავარ ღირებულებად წარმოვაჩინეთ. ქართულმა ტოლერანტობამ საუკუნეების განმავლობაში, საშუალება მისცა სხვადასხა ეთნოსისა და რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს ჩვენთან უკონფლიქტოდ ეცხოვრათ. სწორედ ესაა ,,ქართული ტოლერანტობა“, რომლის ნახვაც მსურს იუნესკოს არამტერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. ეს ინიციატივა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზოულავს 2019 წლის თებერვალში შევთავაზე. სწორედ ამ ტოლერანტობის გამოსახატად ვესტუმრები ისრაელს აუშვიცის განთავისუფლების 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად. სწორედ ტოლერანტობის ღირებულების საფუძველზე ვცდილობ ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის დაძლევასაც.

მიმდინარე წლის მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო კვანძს წარმოადგენს. საქართველოს მსოფლიო რუკაზე დაბრუნება ახალ აბრეშუმის გზაზე გადის.  23 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ესტუმრა.

ქვეყნის სტაბილურობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ასევე, ჩინეთთან და ევროკავშირთან გაფორმებული ,,თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებები, რომელთა გათვალისწინებითაც ჩამოყალიბდა ჩვენი სტრატეგიული პოზიცია. სწორედ ამიტომ, ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გავუსვი იაპონიასთან საინვესტიციო ხელშეკრულების დასრულების აუცილებლობას, რომლის გაფორმებაც მომდევნო წელს იგეგმება. საქართველოსათვის ასევე მნიშვნელოვანია, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

ქვეყნის სტაბილურობისათვის აუცილებელია მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობების არსებობა. სწორედ ამიტომ ვესტუმრე აზერბაიჯანსა და სომხეთს პრეზიდენტობის პირველივე თვეებში. ჩვენი მტკიცე ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა ტრანსანატოლიური მილსადენის გახსნითა და  საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობის განახლებით, რომელზეც პრეზიდენტ ალიევთან შევთანხმდი და რომელმაც მუშაობა ახლო მომავალში უნდა დაასრულოს.

ვარშავაში, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საერთო მიმართულების მოძებნაზე შევთანხმდით. კიევსა და თბილისს შორის სტრატეგიული საბჭოს შექმნა, რომელის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენი ურთიერთობა უკრაინიასთან მყარი და სიღრმისეულია.

თითოეული საერთაშორისო შეხვედრისას, გაეროს ყველა ფორმატის საშუალებით, გაეროს წევრ ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისაკენ მოვუწოდე. წელს,  „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციისათვის ხმის მიცემისაგან  თავი 57-მა ქვეყანამ შეიკავა. მომდევნო თვეების განმავლობაში, ეს სახელმწიფოები უნდა დავარწმუნოთ,  შემოგვიერთდნენ ამ ჰუმანიტარულ ბრძოლაში.

ძლიერია ჩვენი ჩართულობა ძირითად საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩემი ადმინისტრაცია ჩართული იყო გაეროს „არავინ დატოვო უკან“ კამპანიასა და მდგრადი განვითარების მიზნებში. ამით საქართველო მსოფლიო ასპარეზზე ძირითადი, თანამედროვე პრობლემატიკების მიმართულებით საერთაშორისო მოთამაშის სტატუსით წარსდგა.

ივლისში ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალურ კომისიას შევუერთდი, ამით საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენე ჩემი მზადყოფნა, რომ შეგვიძლია მსოფლიოს ენერგოპრობლემების მოგვარების გადაჭრის გზები შევთავაზოთ. აპრილში „ბერლინის მოწოდება მოქმედებისაკენ“-ის ერთ-ერთ ხელმომწერი გავხდი, რომელიც ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მოიაზრებს.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ 2020 წელს მეტი შევმატოთ დაწყებულ პროექტებსა და წარმატებებს, რათა მკვეთრად აღვბეჭდოთ ჩვენი ადგილი მსოფლიო რუკაზე.

This post is also available in: English (ინგლისური)