Site icon Civil.ge

ვაჟა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

ფოტო: "რადიო თავისუფლების" ვიდეოდან

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში, ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დღეს, თბილისში, 20:00 საათზე პირველი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გაფრინდაშვილმა მის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და თქვა, რომ მის გათავისუფლებაში „არის მთელი საქართველოს წვლილი“ და მას ვინმეს „ცალკე გამოყოფა“ უჭირს. 

ექიმის განმარტებით, მიზეზი, რის გამოც იგი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა, მისი პაციენტის მონახულება იყო, რომლის ვინაობასაც იგი პაციენტისვე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს. გაფრინდაშვილის თქმით, როდესაც იგი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს, მან უთხრა, რომ იგი სოფელ მონასტერში ეკლესიის მოსანახულებლად იყო ჩასული და პაციენტის ვინაობა არც მათთვის გაუმხელია.

ვაჟა გაფრინდაშვილის შეფასებით, მისი დაკავებისა და პატიმრობის მისჯის მიზეზი არა მისი საქციელი [საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა], არამედ მისი ნათქვამი იყო. „მე პირველივე დღიდან, რუსი მესაზღვრეები იქნებოდნენ, თუ ცხინვალის ორგანოების თანამშრომლები, ვეუბნებოდი, რომ მე საქართველოს ტერიტორია არ დამიტოვებია, მე ვიმყოფები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მან საპატიმროში გატარებულ დღეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მის მიმართ დამოკიდებულება „იყო ნორმალური“ და „არავითარი განსაკუთრებული ზეწოლა ან ცუდი დამოკიდებულება ან აგრესია არ იყო, პირიქით“.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ასევე განმარტა, რომ მისთვის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი იყო და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. მისივე თქმით, მას შეწყალების შესახებ წერილის დაწერა გუშინ შესთავაზეს, რაზეც მისი პასუხი იყო, რომ იგი ბრალდებას არ აღიარებდა. ამის შემდეგ, გაფრინდაშვილისვე თქმით, მას კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს და უთხრეს, რომ წერილი ისე დაიწერებოდა, რომ მასში ექიმის მხრიდან ბრალდების აღიარება დაფიქსირებული არ იქნებოდა.

„ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტეს უცბად შეწყალება, რა მოხდა, არ ვიცოდი. გუშინ, საღამოს დავწერეთ წერილი, რა და როგორ იქნებოდა, ნამდვილად არ ვიცოდი. [დღეს] დილის დაახლოებით 10-ის ოცი წუთი იქნებოდა, რომ დაცვა შემოვიდა, მითხრა, რომ ციხის უფროსი მეძახდა და რომ გამიშვეს“, – თქვა გაფრინდაშვილმა.

პრესკონფერენციის მიწურულს ვაჟა გაფრინდაშვილმა ოსი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა და თქვა, რომ თვენახევრის განმავლობაში იგი ცხინვალის იზოლატორში ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ საკვებს არ იღებდა და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი სანოვაგით იკვებებოდა. „მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო იმ ოს მოსახლეობას, რომლებიც ჩემ გამო შეწუხდნენ და ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ ჩემ გამო შეაწუხეს“, – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმაც გააკეთა. მანაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ექიმის გათავისუფლებაში ყველას წვლილია და ყველას „სახელობითად“ ჩამოთვლა უჭირს. მანვე ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოტანილი შეწყალების აქტის ავტორს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „ეს ძალიან კარგი“ და „მნიშვნელოვანი“ აქტია.

„თან იქ არსად არის ნახსენები, რომ ვინმე რამეს აღიარებს. პირიქით, იქ არის დაფიქსირებული, რომ ეს ადამიანი თავის ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ საზღვარია ფსოუზე და როკის გვირაბთან. ძალიან დიდი მადლობა მე პირადად მინდა გადავუხადო მას, ვინც შეიწყალა“, – აღნიშნა მან და იქვე განმარტა, რომ გაფრინდაშვილების ოჯახი დამატებით დეტალებზე მედიასთან კიდევ ისაუბრებს. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)