ერთობა, 1920 წლის 4 იანვარი, N3
ჯავაში (დღიურები, 17 დეკემბერი
საველე შტაბის ინიციატივით მოწვეული ჯავის, როკის, ყემულთის, ვანელის, ყორნისის, წუნარის, ორთევის და ბელოთის საზოგადოებათა სახალხო ყრილობა შუადღის 2 საათზე გაიხსნა. ყრილობას დაესწრო 500-ზე მეტი წარმომადგენლები. თავმჯდომარეთ ერთხმათ არჩეულ იქნა ამხანაგი ალექსანდრე ზასოხოვი. პირველად რაზმის უფროსმა გიორგი ხიმშიაშვილმა მოკლეთ აუხსნა ყრილობას მიზანი საქართველოს კარების ექსპედიციისა. მან აღნიშნა, რომ ხალხმა შესაფერისად დააფასა მთავრობის მოთხოვნილებანი და გამოსთქვა იმედი ამიერიდან აღარ ექნება გაუგებრობას ადგილიო.
შემდეგ ილაპარაკა [გორის სამაზრო] ერობის საადმინისტრალო განყოფილების გამგემ ვ. ქარცივაძემ, რომელმაც აუხსნა ხალხს, თუ რა მნიშვნელობა აქვს წესიერებას დემოკრატიულ რესპუბლიკაში და რისი გაკეთება შეუძლია ერობას.
ქარცივაძის შემდეგ ილაპარაკა საველე შტაბის სახელით ბ. ილურიძემ და მოუწოდა ყრილობას ამოუდგეს გვერდში საქართველოს დემოკრატიას.
შემდეგ მიმდინარე მომენტზე და დამფუძნებელ კრების მუშაობის შესახებ მოხსენება გააკეთა ოსურ ენაზე დამფუძნებელი კრების წევრმა გიორგი გაგლოევმა. მომხსენებელმა აღნიშნა ძირითადი მიზეზები საქართველოს დამოუკიდებლობისა და მნიშვნელობა 26 მაისის ისტორიული აქტისა, მან მოიგონა ყველა მომენტები საქართველოს დამოუკიდებლობის, ხალხის, მონაპოვარი თავისუფლების დაცვის და დაწვრილებით მოუთხრო ბრძოლა საქართველოს დემოკრატიისა. ყრილობამ გულდასმით მოისმინა მომხსენებლის მოყვანილი მაგალითები ოსმალეთთან საქართველოს დემოკრატიის თავგანწირული ბრძოლა ხალხის გადასარჩენათ და ამ დროს „ბოლშევიკების“ მოღალატური შემოსევა ცხინვალში, სოხუმში და სხვაგან.
იმ დროს, როცა მოხმსენებელი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკას და აღნიშნა მისი ლტოლვა ერთა სოლიდარობისაკენ, შეკითხვა მისცეს: – რით აიხსნება რომ, ზოგიერთი სახელმწიფოები კეთილ განწყობაშია [საქართველოსთან] და ზოგიერთი მტრულათ უყურებსო. მომხსენებელმა უპასუხა: – ის სახელმწიფოები, რომლებიც გაეცნო საქართველოს ხალხის შემოქმედებით ინიციატივას, საქართველოს ხალხის დადებითი სახელმწიფოებრივ მუშაობას და დემოკრატიის ბრძოლას უფლებისათვის, დღეს აფასებს ახალ ნორჩ ქვეყანას და წინანდელ გაუგებრობას თანდათან ბოლო ეღება. მხოლოდ ზოგიერთები ჯერ არ იცნობენ საქართველოს ხალხს, მის მუშაობას, მაგრამ ბოლო ხანებში ამასაც ბოლო ეღება და დღეს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის გარეშე მტერი დენიკინის სახით. დენიკინის მოძრაობა, მისი შავრაზმული იმპერიალიზმი არის რეაქცია თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული, რომელმაც ჯერ იქ სადაც გაბატონდა სისხლში ჩაახშო თავისივე ხალხის თავისუფლება, ააწიოკა ჩრდილოეთის ხალხი და ოსები. ეს რეაქცია, რომელსაც მოაქვს სიკვდილი გლეხებისა და მუშებისთვის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას. საქართველოს, მთიელების და ყველა განთავისუფლებულ ხალხს დენიკინისაგან მოელის საფრთხე, მის წინააღმდეგ იბრძვის მთის ხალხი. საქართველოს დემოკრატია მზათაა, თუ მან გაბედა ჩვენი შეხება, მახვილს მახვილით გასცეს პასუხი და უბედურება ააცდინოს ქვეყანას. ჩვენ გვწამს ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვალთ და ისე, როგორც საქართველოს სხვა კუთხე, თქვენც ვალდებული ხართ დაეხმაროთ აქტიურათ საქართველოს დემოკრატიას, მის ძალებს.
ამ დროს ყოველგვარი ანარქია დაუშვებელთან ერთათ ღალატი არის რევოლუციისა. მომხსენებელმა შეეხო გავრცელებულ პროვოკაციას, მოიგონა საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა,ს ადაც შედიოდნენ საქართველოში მოსახლე წვრილ ერთა წარმომადგენლები და მათ შორის ოსეთის ეროვნული საბჭოდან, შემდეგ ხალხს გააცნო დამფუძნებელი კრების მუშაობა, ახალი კანონები – მიწის, ტყის, გადასახადების, სასამართლოს, ერობის, ადმინისტრაციის, სავლა-განათლების და სხვა. მოხსენებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ მომხსენებელს შეეკითხენ: – რადგანაც მთა ოსეთში მიწის სივიწროეა, სად შეიძლება გადასახლება და შეუწყობს თუ არა მთავრობა ხელს? მეორეთ – რადგანაც დენიკინმა გზები შეგვიკრა, შესაძლებელია თუ არა პურით დახმარება მივიღოთო, შესაძლებელია თუ არა სოჩამდე დაწყებული მუშაობა გზის გასაყვანათ, რომელიც შეჩერებული იყო არეულობის გამო, განახლდეს? მომხსენებელმა უპასუხა: – მთავრობა ამიერიდან ყოველგვარ ზომებს მიიღებს გადასახლების მოსაწესრიგებლათ, სურსათის მოსაწოდებლად და გზების შესაკეთებლათ, მხოლოდ მთავრობასთან ერთათ თქვენს ენერგიული ზომები უნდა მიიღოთ ყოველგვარ მუშაობაშიო.
ყრილობამ მიიღო შემდეგი რეზოლუცია: მთა ოსეთის მრავალ რიცხოვანი ყრილობა ყველა სოფლების წარმომადგენლების სახით აღიარებს, რომ ის იბრძოლებს საქართველოს დემოკრატიასთან ერთათ საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავათ. სრულ ნდობას უცხადებს საქართველოს დამფუძნებელ კრებას და მის მიერ ნდობის აღჭურვილ მთავრობას და აღუთქვამს აქტიურ დახმარებას მათ მიერ დასახულ მიზნების მისაღწევათ.
ყრილობა კმაყოფილი საღამოს 6 საათზე დაიშალა.