Site icon Civil.ge

რესპუბლიკის მთავრობამ თავისუფალი მიწების იძულებით დათესვის შესახებ დადგენილება გამოსცა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 11 იანვარი, N7

სავალდებულო დადგენილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა თავისუფალ მიწების იძულებით დათესვის შესახებ

6 იანვარი, 1920 წ.

1919 წელში პურის მოუსავლიანობის გამო და მომავალში სურსათის კრიზისის თავიდან ასაცილებლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა საჭიროდ სცნობს გამოსცეს შემდეგი დადგენილებანი:

  1. ყველა თავისუფალი მიწა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მესაკუთრისა, რომელიც გამოსადეგია დასათესად გაზაფხულის ჭირნახულით აუცილებლივ უნდა დაითესოს 1920 წლისათვის.
  2. მიწის მესაკუთრენი ვალდებული არიან დათესონ თავისი მიწები საკუთარი ძალით ან გასცენ იჯარით.
  3. თუ მესაკუთრენი რაიმე მიზეზის გამო არ დათესენ თავის მიწებს, იმ შემთხვევაში ადგილობრივ ერობათა დაწესებულებანი იჯარით გასცემენ აღნიშნულ მიწებს მსურველებზე.

შენიშვნა: არ უნდა დაითესოს ის მინდვრები, რომლებიც  ადგილობრივ პირობების მიხედვით მუდამ რჩებოდნენ დაუთესავი, როგორც მაგალითად: სათიბები და საძოვრები, რომელნიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენენ ადგილობრივ მეურნეობებისათვის.

ეს სავალდებულო დადგენილება მიღებულია მთავრობის მიერ 6 იანვრის სხდომაზე.

მიწათ-მოქმედების მინისტრი

ნოე ხომერიკი