საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 24 წლის მოქალაქის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების აწ უკვე ყოფილი უფროსი ზურაბ ფოფხაძე და კიდევ ერთი პირი – ვახტანგ ბურძენიძე დააკავა.
პროურატურა ბრალდებულებს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა (რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და ჯგუფურ ძალადობას ედავება, რაც, სასჯელის სახით, რვიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე ზურაბ ფოფხაძე 5 იანვარს, ვახტანგ ბურძენიძე კი 8 იავარს დააკავეს. ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
2 იანვარს მომხდარი ინციდენტის შესახებ საზოგადოებამ 6 იანვარს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტით შეიტყო. ჟურნალისტთან საუბარში გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მურად წურწუმიას ჯერ ვარკეთილის სასაფლაოზე დაუნდობლად სცემეს, შემდეგ კი იგი, შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და დასახლებულ პუნქტში უპატრონოდ დატოვეს, სადაც მას ახლობლებმა მხოლოდ მეორე დღეს მიაგნეს და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს..
პროკურატურა გარდაცვლილი მურად წურწუმიას მიერ თვალის დაკარგვას ფაქტს არ ადასტურებს და განმარტავს, რომ აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტაციით არ დადგინდა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, მიუხედავად ამისა, ოჯახთან შეთანხმებით, 8 იანვარს, ექსპერტის მონაწილეობით, გარდაცვლილს ხელახლა დამატებითი გარეგნული დათვალიერება ჩაუტარდა, “რის შედეგადაც ასევე არ დადასტურდა თვალის დაკარგვის ფაქტი”.
რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახი ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილი მხოლოდ ერთ სამართალდამცველს არ უცემია და ისინი სხვა დამნაშავე პირების დაკავებასაც მოითხოვდნენ.
პროკურატურამ გარდაცვლილი მურად წურწუმიას დედა და დაპირისპირების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე მუხრან ჩხვირკია დაზარალებულად 6 იანვარს ცნო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)