გამარჯობა, ევროპის ამბები დღეს ასე გამოიყურება:
ხორვატიამ ევროკავშირის ექვსთვიანი თავმჯდომარეობა გადაიბარა (მათაც, ჩვენი და ევროსაბჭოსი (რომელიც სულ სხვა ორგანიზაციაა) არ იყოს – ანბანის რიგით) და მათმა პრემიერმა პლენკოვიჩმა ოპტიმისტური პრეს-კონფერენციაც გაახაზირა. პლენკოვიჩს თავმჯდომარეობის დასრულებიდან ცოტა ხანში არჩევნები უწევს და ცდილობს, თავი კარგად გააჩვენოს როგორც ბრიუსელს, ისე თავის ამომრჩევლებს. დიდი წარმატება იქნება, თუკი თავმჯდომარეობის პირობებში ევროკავშირის გაფართოების საქმე წინ წაიწევს. ხორვატ პრემიერს ამის მთავარ მოწინააღმდეგე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონთან უსაუბრია, რომელსაც ასე უთქვამს, თქვენი წარმატება მეც გამეხარდებაო. მეორე ამოცანა ხორვატიისათვის შენგენის ზონაში გაწევრიანებაა და პლენკოვიჩმა ამადაც თქვა, უნგრელებისაგან განსხვავებით ჩვენ საზღვარზე კედლის აშენებას და მიგრანტებისადმი არაადამიანურ მოპყრობას არ ვაპირებთო. თანაც დასძინა, ჭორია ის ცნობები, რომ ჩვენი მესაზღვრეები მიგრანტებს ცემენ და ზოგჯერ მათ შესაშინებლად ჰაერში ისვრიან კიდეცო. საინტერესო ფაქტი მოუჩხრეკიათ ჟურნალისტებს – ხორვატიის საპრეზიდენტო სასახლე ზაგრებში ტელეკომუნიკაციის 5G ტექნოლოგიით აღჭურვილი ერთადერთი შენობაა და ხორვატია ირწმუნება, ამ ამბავში ჩინურ ჰუავეის წვლილი არ მიუძღვის, შვედური “ერიქსონის” და “დოიჩე ტელეკომის” ხელობააო. არცაა გასაკვირი, ხორვატიისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების თემა თავმჯდომარეობის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.
პოლონეთის სენატის (ზედა პალატის) სპიკერი ტომაშ გროდზკი ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს ვერა იუროვას შეხვედრია და პოლონეთის მთავრობის სათუო იურიდიულ რეფორმებზე უსაუბრია. ამ კანონებს ახლა ევროკომისია სწავლობს, მოსამართლეების დამოუკიდებლობას ხომ არ არღვევსო. ბევრი პოლონელი იურისტი, მათ შორის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები, იმასაც ამბობენ, კანონი ევროკავშირის შეთანხმებას არღვევს და შეიძლება კავშირიც დაგვატოვებინონო. გროდზკი – რომელიც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს – ამ ამბებით ფრიად შეშფოთებულია და ევროკომისიაში ვიზიტების გარდა, ვარშავაში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც მოიწვია. ამ აქტიურობის საპასუხოდ პოლონეთის სამთავრობო მედია თურმე ძალღონეს არ იშურებს სპიკერის გასაშავებლად. გროდზკის უთქვამს ჩემს ერთ ერთ პაციენტს (პოლიტიკოსობამდე სპიკერი ქირურგად მუშაობდა) ფულიც შეაძლიეს რომ ეთქვა, რომ ოპერაციების დასაჩქარებლად ქრთამს ვიღებდიო.
რაღაც ვერაა კარგი ამბავი ჩეხების თავს: პატივცემული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ცნობით, უცხოელ ლიდერებს შორის ყველაზე უფრო ჩეხები ვლადიმირ პუტინს ენდობიან (33%), შემდეგ მოდის ფრანგთა ემანუილ მაკრონი (30%), აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (28%) და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი (25%). პუტინისადმი ჩეხების ნდობის მიზეზი ჩვენც გვაინტერესებს და თუ გავიგეთ, თქვენც მოგიყვებით…
წარმატებულ დღეს გისურვებთ!