ოპოზიციის ასობით მხარდამჭერმა 9 იანვარს სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომისა და ახალი „საპრეზიდენტო არჩევნების“ დანიშვნის მოთხოვნით, „პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე“ შეტევა განახორციელა. მათ ადმინისტრაციის შენობის კარები და ფანჯრები შეანგრიეს და შიგნით შეიჭრნენ.
ოპოზიციურმა პარტიებმა „ამცახარამ“ და „ერთიანმა აფხაზეთმა“ მანამდე, ხუთშაბათს მხარდამჭერებს „უზენაესი სასამართლოს“ წინ შეკრებისკენ მოუწოდეს, რადგანაც მისი „საკასაციო კოლეგია“, რომელმაც არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე ყოფილი „საპრეზიდენტო“ კანდიდატის ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა განაახლა, 9 იანვარს მოსმენის გამართვას გეგმავდა.
გუშინდელი პროტესტის ფონზე, „საკასაციო კოლეგიამ“ სარჩელის განხილვა განუსაზღვრელი დროით კიდევ ერთხელ გადადო.
ხაჯიმბას ადმინისტრაციამ გუშინდელი მოვლენები დაგმო და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. აფხაზეთის ლიდერმა მისი პოლიტიკური ოპონენტების მონაწილეობით „უშიშროების საბჭოს“ სხდომა გამართა. სხდომის შემდეგ, ხაჯიმბამ მოსახლეობას მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში იგი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა.
მაისში ოპოზიციამ სოხუმში არჩევნების გადადების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აფხაზეთის ლიდერი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადადებაზე დათანხმდა. მხარეები არჩევნების 25 აგვისტოს ჩატარებაზე შეთანხმდნენ, ნაცვლად 21 ივლისისა. ბჟანიამ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო და ოპოზიციის კანდიდატს, ალხას კვიცინიას დაუჭირა მხარი.
25 აგვისტოს ბარიერი ცხრიდან ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. მეორე ტური სექტემბერში ორ კანდიდატს – მოქმედ „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბასა (23.85%) და „ამცხარას“ ლიდერს ალხას კვიცინიას (21.97%) შორის გაიმართა.
ბჟანია აფხაზეთში დეკემბერში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მოსკოვსა და ბერლინში მკურნალობის კურსი ჩაიტარა.
აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა, რომ იგი ყურადღებით აკვირდება სოხუმში განვითარებულ მოვლენებს.
I am paying close attention to the events in Sokhumi and to the safety, fate and human rights of our citizens in occupied Abkhazia.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 9, 2020
სოხუმში მიმდინარემოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა.
„ცხადია, აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესი და განვითარება არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი და მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)