Site icon Civil.ge

სტოლტენბერგი შავ ზღვაზე საუბრისას საქართველოს „ახლო პარტნიორს“ უწოდებს

Joint press point with NATO Secretary General Jens Stoltenberg and the Prime Minister of Romania, Ludovic Orban

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 9 იანვარს ბრიუსელში ალიანსის შტაბბინაში რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ლუდოვიკ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ „შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა“.

შავი ზღვის უსაფრთხოებაში რუმინეთის წვლილზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა რეგიონში ასევე „ახლო პარტნიორები“ არიან.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სამი წევრი სახელმწიფო – რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი სანაპირო სახელმწიფოებია და ასევე გვყავს ორი ახლო პარტნიორი – უკრაინა და საქართველო, რომლებიც ასევე შავი ზღვის ქვეყნებია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატოს „მათთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს, ეხმარება მათ, მუშაობს მათთან ერთად და წვრთნებს ატარებს“.

გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ „ნატომ გაზარდა წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში მიწაზე, ზღვაზე და ჰაერში, გაძლიერებული საჰაერო კონტროლით, მეტი საზღვაო წარმომადგენლობითა და მეტი სახმელეთო ძალებით“ და „მუდმივად აფასებს საჭიროებებს“, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ყოფნა ამ რეგიონში.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სწორედ შავ ზღვაზე ყირიმის „უკანონო ანექსიამ გამოიწვია ადაპტაცია, ნატოს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება ბოლო წლებში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)