Site icon Civil.ge

პოლიტიკოსები OSCE/ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებენ

ეუთო/ოდირის ლოგო

9 იანვარს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ მეორე ანგარიშის გამოქვეყნებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

გია ვოსლკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: „ძალიან პოზიტიურია ის, რომ ამ დასკვნაშიც აღნიშნულია ისეთი რამ, რაც არ იყო დამახასიათებელი საქართველოს სინამდვილისთვის. კერძოდ, [მოსამართლეთა] დანიშვნების პრაქტიკა გადავიდა საერთაშორისო სტანდარტის სისტემაზე – მოსამართლეების შერჩევის, მათთან გასაუბრების და დამტკიცების სისტემაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული მიღწევა საერთოდ ქართული დემოკრატიისთვის და ვფიქრობ, სამაგალითოა ბევრი ქვეყნისთვის. არის შენიშვნები. ზოგიერთ შენიშვნას შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ არის საკითხები ისეთი, მაგალითად [ის, რომ მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა] პოლიტიკური დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, ამას ვერანაირად შევცვლით. არის საკითხები, რაც ადრეც იყო ნათქვამი. მაგალითად, ფარული კენჭისყრა და გასაჩივრების საშუალება. თუმცა, აქამდე ვერავინ დაასახელა, თუ რომელი მოსამართლე კანდიდატი დარჩა შერჩეულთა მიღმა იმ 200-დან, რომლის კანდიდატურები თავიდან განიხილებოდა… არის გარკვეული საკითხები, რაზეც მუშაობა გვმართებს“.

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „OSCE/ODIHR დასკვნაზე, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ის შეიცავს პოზიტიურ ნაწილსაც კანონმდებლობასთან, რეფორმასთან დაკავშირებით… მაგრამ, რა თქმა უნდა, არის კრიტიკული ნაწილიც, თუმცა იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან ამას მიჩვეულები ჩვენ არ ვართ. იმდენი ფაქტობრივი უზუსტობაა… რომ მე მგონია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოამზადებს თავის განმარტებას ან პასუხს ამასთან დაკავშირებით“.

ოპოზიციის შეფასება

სერგი კაპანაძე – ევროპული საქართველო: „OSCE/ODIHR დასკვნა იყო უაღრესად კრიტიკული მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ. იმდენად კრიტიკული, რომ ცოტა დაუჯერებელიც კი იყო. იქ პრაქტიკულად საუბარია იმაზე, რომ შეირჩა არაკვალიფიციური კანდიდატები, საუბარია იმაზე, რომ პრაქტიკულად შეთქმულება იყო მთავრობის მხრიდან და მან წინასწარ გადაწყვიტა, რომელი კანდიდატები ყოფილიყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. პრაქტიკულად პროცესი იყო ფარსი“.

კახა კოჟორიძე- ლელო საქართველოსთვის: „ეუთოს ანგარიში არის უაღრესად კრიტიკული და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ავტორიტეტული დასკვნით შეუერთდა ისედაც არსებულ საყოველთაო თანხმობას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოში მართლმსაჯულებას აქვს ფუნდამენტური პრობლემები და ეს ფუნდამენტური პრობლემები არ არის მხოლოდ ანგარიშებში დაწერილი სიტყვები, ის აისახება საქართველოს რეალობაზე და აისახება ძალიან მძიმედ“.

ეკა ბესელია – პარტია სამართლიანობისთვის: „მკაცრი, ნეგატიური შეფასებები არის. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, OSCE/ODIHR, ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა, ამერიკის საელჩომ, ამერიკის მთავრობამ – აბსოლუტურად ყველამ კრიტიკულად შეაფასა მოსამართლეების არჩევის პროცესი და თქვა, რომ ეს იყო ცუდია საქართველოსთვის… საქართველომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში დაუშვა საბედისწერო შეცდომა. მან იმედი გაუცრუა ყველა საერთაშორისო პარტნიორს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)