9 იანვრის საღამოს, ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ სოხუმში არსებული პოლიტიკური დაძაბულობების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, რეგიონის ლიდერს რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა. საგანგებო სხდომაზე დადგენილებას მხარი დამსწრე 27 კანონმდებლიდან 19-მა დაუჭირა.
აფხაზეთის „პარლამენტმა“ დადგენილება მას შემდეგ მიიღო, რაც ასობით ადამიანი ხუთშაბათს აფხაზეთის ლიდერის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა და ახალი „საპრეზიდენტო არჩევნები“ და ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა. ხაჯიმბას ადმინისტრაციამ ეს ინციდენტი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
ხაჯიმბამ გადადგომაზე უარი განაცხადა. აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურის ინფორმაციით, „პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, მიუხედავად მითითებული მიზნისა, რომ თავიდან იქნას აცილებული შემდგომი დესტაბილიზაცია, მხოლოდ გაართულებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას და ქვეყნისთვის შეუქცევად შედეგებს გამოიწვევს“. ხაჯიმბამ პოლიტიკურ ოპონენტებს მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.
10 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ყურადღებით ვადევნებთ თვალს სოხუმში შიდაპოლიტიკური სიტუაციის განვითარებას. ამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მის საშინაო საქმედ განვიხილავთ“. „ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია აფხაზეთში უსწრაფესად დასტაბილურდება, სამართლებრივ ჩარჩოებში, დაინტერესებულ მხარეთა პირდაპირი მშვიდობიანი დიალოგის გზით“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
აფხაზური წყაროების ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი 10 იანვარს ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ნურგალიევი 11 იანვარს აფხაზეთის ლიდერს, ასევე აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს“ მდივანს, მუჰამედ ქილბას შეხვდება.
დღეს სოხუმში ოპოზიციის, ასევე აფხაზეთის ლიდერის მხარდამჭერებმა აქციები გამართეს. ხაჯიმბას ოპონენტებს „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობა კვლავ დაკავებული აქვთ.
კვიცინიამ ხაჯიმბას გამარჯვება არ აღიარა, არჩევნების შედეგები ოკუპირებული რეგიონის „უზენაეს სასამართლოში“ გაასაჩივრა და მეორე ტურის შედეგების გაბათილება მოითხოვა. კვიცინიამ სექტემბრის ბოლოს დავა წააგო. ოპოზიცია შედეგების გაბათილებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ხაჯიმბამ ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა. მოგვიანებით, კვიცინიამ იგივე სარჩელი უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიაში შეიტანა.
აფხაზეთის „უზენაესი სასამართლოს“ საკასაციო კოლეგია მოსმენის გამართვას 9 იანვარს გეგმავდა. ამიტომაც, ოპოზიციურმა პარტიებმა „ამცახარამ“ და „ერთიანმა აფხაზეთმა“ ხუთშაბათს მხარდამჭერებს „უზენაესი სასამართლოს“ წინ შეკრებისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით, 9 იანვარს ,ოპოზიციის მხარდამჭერები „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობაში შეიჭრნენ.
აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ თაობაზე დაძაბულობა გასული წლის ზაფხულიდან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ასლან ბჟანია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად მოიაზრებოდა, 2019 წლის აპრილში მოწამლეს, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ შეძლო.
მაისში ოპოზიციამ სოხუმში არჩევნების გადადების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აფხაზეთის ლიდერი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადადებაზე დათანხმდა. მხარეები არჩევნების 25 აგვისტოს ჩატარებაზე შეთანხმდნენ, ნაცვლად 21 ივლისისა. ბჟანიამ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო და ოპოზიციის კანდიდატს, ალხას კვიცინიას დაუჭირა მხარი.
25 აგვისტოს ბარიერი ცხრიდან ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. მეორე ტური სექტემბერში ორ კანდიდატს – მოქმედ „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბასა (23.85%) და „ამცხარას“ ლიდერს ალხას კვიცინიას (21.97%) შორის გაიმართა.
ბჟანია აფხაზეთში დეკემბერში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მოსკოვსა და ბერლინში მკურნალობის კურსი ჩაიტარა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)