Site icon Civil.ge

„უზენაესმა სასამართლომ“ აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგები ბათილად ცნო

ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესი სასამართლოს“ საკასაციო კოლეგიამ 2019 წლის 8 სექტემბრის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგები ბათილად ცნო, ფოტო: Apsny Today

10 იანვრის საღამოს ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესი სასამართლოს“ საკასაციო კოლეგიამ 2019 წლის 8 სექტემბრის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგები ბათილად ცნო. შედეგად, ოკუპირებულ რეგიონში ახალი  „არჩევნები“ გაიმართება.

სარჩელი სასამართლოში ალხას კვიცინიამ, ოპოზიციური პარტიის – „ამცახარას“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა შეიტანა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორდღიანი პროტესტი სოხუმში, რა დროსაც ოპოზიციური აქტივისტები 9 იანვარს „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობაში შეიჭრნენ.

გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ სოხუმში არსებული პოლიტიკური დაძაბულობების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, რეგიონის ლიდერს რაულ ხაჯიმბას გადადგომისაკენ მოუწოდა. ხაჯიმბამ უარი განაცხადა და თქვა, რომ ეს მხოლოდ „გაართულებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას და ქვეყნისთვის შეუქცევად შედეგებს გამოიწვევს“.

აფხაზური წყაროების ინფორმაციით, დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდა.

აფხაზეთის ოპოზიცია „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგების გაბათილებას 2019 წლის სექტემბრიდან მას შემდეგ ითხოვს, რაც „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ აფხაზეთის მოქმედმა ლიდერმა ხმების 47.38%-ით მოიგო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა და პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიცინიამ ხმების 46.19% მიიღო.

კვიცინიამ ხაჯიმბას გამარჯვება არ აღიარა, არჩევნების შედეგები ოკუპირებული რეგიონის „უზენაეს სასამართლოში“ გაასაჩივრა და მეორე ტურის შედეგების გაბათილება მოითხოვა. კვიცინიამ სექტემბრის ბოლოს დავა წააგო. ოპოზიცია შედეგების გაბათილებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ხაჯიმბამ ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა. მოგვიანებით, კვიცინიამ იგივე სარჩელი უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიაში შეიტანა.

აფხაზეთის „უზენაესი სასამართლოს“ საკასაციო კოლეგია მოსმენის გამართვას 9 იანვარს გეგმავდა. ამიტომაც, ოპოზიციურმა პარტიებმა „ამცახარამ“ და „ერთიანმა აფხაზეთმა“ ხუთშაბათს მხარდამჭერებს „უზენაესი სასამართლოს“ წინ შეკრებისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით, 9 იანვარსვე, ოპოზიციის მხარდამჭერები „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობაში შეიჭრნენ.

აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ თაობაზე დაძაბულობა გასული წლის ზაფხულიდან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ასლან ბჟანია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად მოიაზრებოდა, 2019 წლის აპრილში მოწამლეს. მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

მაისში ოპოზიციამ სოხუმში არჩევნების გადადების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აფხაზეთის ლიდერი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადადებაზე დათანხმდა. მხარეები არჩევნების 25 აგვისტოს ჩატარებაზე შეთანხმდნენ, ნაცვლად 21 ივლისისა. ბჟანიამ არჩევნებში მონაწილეობა მაინც ვერ მიიღო და ოპოზიციის კანდიდატს, ალხას კვიცინიას დაუჭირა მხარი.

25 აგვისტოს ბარიერი ცხრიდან ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. მეორე ტური სექტემბერში ორ კანდიდატს – მოქმედ „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბასა (23.85%) და „ამცხარას“ ლიდერ ალხას კვიცინიას (21.97%) შორის გაიმართა.

ბჟანია აფხაზეთში დეკემბერში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მოსკოვსა და ბერლინში მკურნალობის კურსი ჩაიტარა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში გამართულ „არჩევნებს“ თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთისა და იმ ოთხი ქვეყნის (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა) გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკანონოდ მიიჩნევს. 2019 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აფხაზეთის „არჩევნებს“ „ყალბი პროცესი“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)