ოკუპირებული აფხაზეთის „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ 12 იანვარს განაცხადა, რომ რეგიონში განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“ 22 მარტს გაიმართება.
ამ განცხადებამდე 2 დღით ადრე, პარასკევს, რეგიონის „უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ“ გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც 8 სექტემბერს გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ ბათილად ცნო. არჩევნების შედეგები ოპოზიციის ლიდერმა ალხას კვიცინიამ გააპროტესტა, რომელიც მეორე ტურში რეგიონის მოქმედი ლიდერის, რაულ ხაჯიმბას კონკურენტი იყო.
მოგვიანებით, კვირას, ხაჯიმბას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ გადაწყვეტილება სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა მიღებული. მანამდე, „საკასაციო პალატის“ გადაწყვეტილების შეფასებისას ხაჯიმბამ თქვა, რომ „სასამართლოს“ გადაწყვეტილება „უკანონო და უსაფუძვლოა“ და რომ მას „უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში“ გაასაჩივრებდა.
მოგვიანებით ოპოზიციის კანდიდატმა იგივე სარჩელი „უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში“ შეიტანა. კვიცინია შედეგების გაბათილებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ხაჯიმბამ ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა. .
პარასკევის გადაწყვეტილება სასამართლომ სოხუმში მიმდინარე პროტესტის ფონზე მიიღო. ერთი დღით ადრე, მას შემდეგ, რაც სასამართლომ კვიცინიას სარჩელის განხილვა დაიწყო, ასობით ადამიანმა ხაჯიმბას ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღო. ხაჯიმბამ მოვლენები „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობად შეაფასა.
- „უზენაესმა სასამართლომ“ აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგები ბათილად ცნო
- „პარლამენტი“ აფხაზეთის ლიდერს გადაგომისკენ მოუწოდებს, ხაჯიმბა უარზეა
- ასობით ადამიანი სოხუმში ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოდის და ახალ არჩევნებს ითხოვს
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდა. ხაჯიმბას პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ლიდერი ნურგალიევს პარასკევს და შაბათს შეხვდა. შაბათის შეხვედრის შემდეგ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნურგალიევმა ხაჯიმბას ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, სადაც მან აღნიშნა, რომ პროცესები კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს და განვითარდეს.
კვირას შუადღისას, კრიზისის მოგვარების მიზნით, ნურგალიევმა შუამავლის როლი იკისრა რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციონერებს, ასლან ბჟანიასა და ალხას კვიცინიას შორის მოლაპარაკებებში. ხაჯიმბას რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ნურგალიევმა აფხაზეთის ლიდერს, კვიცინიასა და ბჟანიას მოუწოდა, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ დაძაბულობის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც 1985-1986 წლებში მინსკში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ე.წ. კგბ-ს სკოლა დაამთავრა, 1992 წლამდე ტყვარჩელში კგბ-ს საქალაქო განყოფილებაში მუშაობდა. 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში ის ე.წ. აღმოსავლეთის ფრონტის სამხედრო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი იყო. 90-იანი წლების ბოლოს, ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2002 წლიდან თავდაცვის მინისტრად მსახურობდა მანამ, სანამ აფხაზეთის მაშინდელი ლიდერი ვლადისლავ არძინბა 2003 წელს პრემიერ-მინისტრად დააწინაურებდა. ხაჯიმბა 2005-2009 წლებში სეპარატისტული რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან ეს თანამდებობა აფხაზეთის მაშინდელ ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ხელისუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიკავა, რასაც წინ 2004 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნები უძღოდა, რომელშიც კრემლი მხარს ხაჯიმბას ღიად უჭერდა. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც ბაღაფში მეორე ვადით აირჩიეს, ხაჯიმბა ხმათა 15.4%-ით მეორე ადგილზე გავიდა. 2011 წლის არჩევნებში, რომლითაც ალექსანდრე ანქვაბი დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა, ხაჯიმბა ხმების დაახლოებით 20%-ით მესამე ადგილზე გავიდა. 2019 წლის აგვისტოს არჩევნებზე ხაჯიმბამ ხმების 23.85% მიიღო, ხოლო კვიცინიამ – 21.97%.
თბილისის რეაქცია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა შაბათს განაცხადა, რომ სოხუმში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ აფხაზეთში არსებული სიტუაცია და რეგიონში მოუგვარებელი კონფლიქტი აფხაზეთის საზოგადოების მოთხოვნებს და ინტერესებს ვერ აკმაყოფილებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის ესკალაცია აღარ მოხდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა Twitter–ზე ხუთშაბათს, რომ იგი ყურადღებით აკვირდება სოხუმში განვითარებულ მოვლენებს, ასევე „ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედს და ადამიანის უფლებებს“.
I am paying close attention to the events in Sokhumi and to the safety, fate and human rights of our citizens in occupied Abkhazia.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 9, 2020
საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს და რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს“ არ აღიარებს. 2019 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აფხაზეთის არჩევნებს „ყალბი პროცესი“ უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)